ახალი ამბები

კუკავა რუსეთთან დაძაბულობას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს

ცხრა პარტიისგან შემდგარი ოპოზიციური კოალიცია აცხადებს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ცდილობს საპარლამენტო არჩევნების წინ რუსეთთან დაძაბულობაზე მოახდინოს ფოკუსირება.


30 აპრილს საღამოს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გადაცემა ”სამკუთხედში” საუბრისას დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატიული პარტიიდან განაცხადა, რომ არსებობს ”სერიოზული ეჭვი” იმისა, რომ სააკაშვილის ადმინისტრაცია ცდილობს რუსეთთან არსებული დაძაბულობა და აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები გამოიყენოს საზოგადოების ყურადღების გადასატანად 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებიდან.


მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან დაძაბულობაზე ფოკუსირება უკვე გახდა სააკაშვილის ჩვეული ”წინასაარჩევნო PR აქცია”. 


”დაძაბულობის ყველა ახალი ტალღა, დაძაბულობის პიკი რუსულ-ქართულ ურთიერთობებში მოდის სწორედ არჩევნების წინა პერიოდზე,” – განაცხადა კუკავამ და ამის მაგალითად რუსი ჯაშუშების გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი მოიყვანა, რასაც 2006 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჰქონდა ადგილი.  ”ეს იყო ნამდვილი ისტერია ამ საკითხის გარშემო და ეს ისტერია ადგილობრივი არჩევნების დასრულებისთანავე დამთავრდა,” – განაცხადა მან.


”და ასევე იყო განმუხურის ინციდენტი საპრეზიდენტო არჩევნების წინ… იგივე ხდება ახლაც. ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან სახიფათო პროვოკაცია. რა თქმა უნდა, არ ვამბობთ, რომ რუსეთი ამ დადგმული შოუს ნაწილია; რუსეთი, როგორც ყოველთვის, აგრესიულად იქცევა… მაგრამ ნაცვლად თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოებისა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, საქართველოს ხელისუფლება ამ სიტუაციას საკუთარი წინასაარჩევნო PR აქციისთვის იყენებს,” – განაცხადა კუკავამ. 


მან ასევე განაცხადა, რომ ახლა პრეზიდენტ სააკაშვილის მთავარი მიზანია საზოგადოებრივი ყურადღების გადატანა არჩევნებიდან ”რაიმე სხვა საკითხებზე”.


კუკავამ ასევე განაცხადა, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები წააგავს 90-იანი წლების დასაწყისში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც მაშინდელმა სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ”აფხაზური ავანტიურა წამოიწყო, რადგანაც მას პრობლემები ჰქონდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებთან”.


”ედუარდ შევარდნაძის მსგავსად, რომლის ავანტიურულმა ქმედებებმა შეიწირა აფხაზეთი მხოლოდ მისი საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, დღეს სააკაშვილი მზად არის ნებისმიერ ავანტიურა და პროვოკაცია განახორციელოს, მათ შორის აფხაზეთში, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება და გადაიტანოს ყურადღება [არჩევნებიდან],” – განაცხადა კუკავამ. 


 

Back to top button