ახალი ამბები

ეუთო შეშფოთებულია დაძაბულობის ზრდის გამო

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ აფხაზეთში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები მნიშვნელოვნად ზრდის დაძაბულობას რეგიონში.


”ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებამ ოფიციალური ურთიერთობები დაამყაროს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან, აფხაზეთის თავზე ქართული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდებამ და სამხედრო ძალების ზრდამ მნიშვნელოვნად გაზარდა დაძაბულობა რეგიონში,” – განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე სტაბმა 30 აპრილს.


ეუთოს პრესსამსახურის განცხადებით, ორგანიზაცია განიხილავს საქართველოში არსებულ სიტუაციას, როგორც ”პრიორიტეტულ საკითხს”.


30 აპრილს ეუთოს მუდმივმოქმედმა საბჭომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები 30 აპრილს ვენაში გამართულ სხდომაზე განიხილა, ხოლო ეუთოს უსაფრთხოების ფორუმმა თვითმფრინავის ჩამოგდების ინციდენტი განიხილა.


”მე მივესალმები ინიციატივას გაეროს ეგიდით ერთობლივი შემსწავლელი ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც ინციდენტს გამოიძიებს. ეუთო მთლიანად უჭერს მხარს გაეროს დამკვირვებელთა მისიის მცდელობებს,” – განაცხადა სტაბმა.


30 აპრილს ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს სატელეფონო საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილთანდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან, რომლის დროსაც მოუწოდა მათ თავიდან აიცილონ რაიმე გართულება და დიალოგის და ნდობის აღდგენის ღონისძიებებით განმუხტონ ვითარება.


”ორივე მხარემ თავი უნდა შეიკავოს ცალმხრივი ქმედებებისგან და ძალის გამოყენების შესახებ მუქარისგან. მოვუწოდებ მხარეებს ჩაერთონ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მიმართულ მოლაპარაკებებში,” – განაცხადა სტაბმა. 


 

Back to top button