
აშშ მოუწოდებს რუსეთს გადახედოს აფხაზეთთან დაკავშირებულ ქმედებას
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა რუსეთს ”გადახედოს” გადაწყვეტილებას აფხაზეთის კონფლქიტის ზონაში სამშვიდობოთა რაოდენობის ზრდის თაობაზე.
”რუსეთის ზოგიერთი ქმედება საზღვრის გასწვრივ ძალების ზრდის თვალსაზრისით ნამდვილად ქმნის რეგიონში დესტაბილიზაციის რისკს და მოვუწოდებთ რუსეთს გადახედოს ზოგიერთ იმ ნაბიჯს, რომელიც ბოლო დროს იქნა გადადგმული,” – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა 30 აპრილს გამართულ ბრიფინგზე, ”ჩვენ ვთხოვეთ მათ გადახედონ ზოგიერთ იმ განცხადებას, რომელიც ბოლო დროს გააკეთეს”.
”ჩვენ არ შეგვინიშნავს ქართულ მხარეს ანალოგიური ზრდა,” – დასძინა მან, ”ისინი ჩვეულებრივ როტაციას ახორციელებენ კოდორის ხეობაში. და გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლებამ საპასუხისმგებლო ნაბიჯები გადადგა, რათა დაუახლოვდეს ამ რეგიონების მოქალაქეებს, როგორც სამხრეთ ოსეთში, ისე აფხაზეთში”.
მან ასევე დაადასტურა აშშ-ს ”ურყევი მხარდაჭერა” საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანა პერინომ 30 აპრილს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ”შეშფოთებულია ამ ვითარების გამო”. ”ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, და მოვუწოდებთ ყველას შეინარჩუნონ დიალოგის რეჟიმი, ვიდრე განახორციელონ რაიმე სხვა ქმედება,” – განაცხადა მან.
29 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქართული მხარის ”პროვოკაციულმა ქმედებებმა” რუსეთის სამშვიდობოების წინააღმდეგ, ასევე კონფლიქტის ზონაში დამატებითი ქართული ძალების განთავსებამ აიძულა ისინი გაზარდონ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოთა რაოდენობა. თავდაცვის სამინისტრო არ აზუსტებს, თუ რამდენით გაიზრდება რუსული კონტიგენტი, თუმცა აცხადებს, რომ ეს იქნება ”დსთ-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოს გადაწყვეტილების ფარგლებში.”
დსთ-ს ლიდერთა 1994 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული სამშვიდობოების რაოდენობა უნდა შეადგენდეს 2 500-3 000-ს.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 30 აპრილს განაცხადეს, რომ მძიმე არტილერიამ, ჯავშანტექნიკამ და დამატებითმა სამხედრო ნაწილებმა უკვე გადმოკვეთეს რუსეთ-საქართველოს საზღვარი მდინარე ფსოუზე.