
ეუთო თვითმფრინავის ჩამოგდების ინციდენტს განიხილავს
ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭო 30 აპრილს ვენაში საგანგებო სხდომას გამართავს, სადაც ქართული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის ჩამოდგებასთან დაკავშირებულ ინციდენტს განიხილავს.
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი ჰეიკი ტალვიტიე თბილისს ესტუმრა და ინციდენტი საქართველოს ხელმძღვანელობასთან განიხილა. ”მე კონსტრუქციული განხილვები მქონდა საქართველოს ხელისუფლებასთან და ამის შესახებ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს ვაცნობებ,” – განაცხადა ტალვიტიემ 29 აპრილს.
საქართველო აცხადებს, რომ მისი უპილოტო თვითმფრინავი რუსულმა MIG-29-მ ჩამოაგდო. რუსეთი უარყოფს ამას და აცხადებს, რომ თვითმფრინავი აფხაზურმა საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს. თბილისმა ბორტზე დამონტაჟებული კამერით გადაღებული ვიდეომასალა გაავრცელა, რომელიც, თბილისის თქმით, უტყუარი მტკიცებულებაა, თუმცა რუსეთი ამ მასალას ეჭვის ქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ ეს მონტაჟის შედეგია.