skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობის ლეგალიზებაზე პოზიციებს განმარტავს

მოსკოვის ნაბიჯი მოახდინოს ურთიერთობების ლეგალიზება სოხუმთან და ცხინვალთან არ ისახავს მიზნად რაიმე სახის კონტროლის დამყარებას ამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორიებზე, არამედ მიმართულია ამ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვისკენ, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 29 აპრილს.


რუსეთის საგარეო უწყება დღეს გავრცელებულ კომენტარში კიდევ ერთხელ განმარტავს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 16 აპრილის დავალებას ოფიციალური ურთიერთობები დამყარდეს თვითგამოცხადებული რეგიონების დე ფაქტო მთავრობებთან იქ მცხოვრები მოქალაქეების, მათ შორის რუსეთის მოქალაქეების დაცვის მოტივით. კრემლის ეს ნაბიჯი ოფიციალურმა თბილისმა და საერთაშორისო საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაგმო და მოსკოვს უკან დახევისაკენ მოუწოდა.


თუმცა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში არაფერია ნათქვამი ამ გადაწყვეტილების შეცვლის გეგმებზე. განცხადებაში რუსეთი უარყოფს, რომ მისი ნაბიჯი საქართველოს ამ რეგიონების ანექსიისაკენ არის მიმართული.


”დღეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ფაქტიური ხელისუფლებების მიერ ამ ტერიტორიებზე განხორციელებული კონტროლი და სამართლებრივი რეგულირება იძლევა საშუალებას  შენარჩუნდეს ელემენტარული წესრიგი, განხორციელდეს ბრძოლა დამნაშავეობასთან, დაიდოს კომერციული და საყოფაცხოვრებო გარიგებები,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება, ”ამ ხელისუფლებათა გარკვეული აქტების აღიარება არ არის კავშირში მათი სტატუსის ცნობასთან”.


რუსეთის საგარეო უწყება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობების მიერ გაცემული დოკუმენტების აღიარებას საერთაშორისო მართლმსაჯულების ზოგიერთი პრეცედენტის მოყვანით და საერთაშორისო სამართლის ნორმის ამგვარი ფორმულირებით ხსნის:” ხელისუფლების ამა თუ იმ ორგანოს უკანონობა ავტომატურად არ ნიშნავს ასეთი ორგანოს მიერ გაცემული ნემისმიერი აქტების არანამდვილობას”.


ანალოგიური საფუძვლით ხსნის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარებას რუსეთის საგარეო უწყება და განმარტავს, რომ ამ კონტაქტებს ძირითადად ”ჰუმანიტარული” ხასიათი ექნება.


”ეს ძირითადად შეესაბამება არაღიარებულ წარმონაქმნებთან თანამშრომლობის იმ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ სხვა სახელმწიფოები, კერძოდ კი, აშშ,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.


რაც შეეხება სამართლებრივ დახმარებას სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებში, რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ პირდაპირი კონტაქტები ”ერთადერთი გამოსავალია” იმ პირობებში, როცა საქართველოს ხელისუფლება ასეთ კავშირებზე ნებართვას არ იძლევა, თუმცა ”თავადაც აღიარებს უუნარობას” შეასრულოს ამ სფეროში სახელმწიფოებრივი ფუნქციები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.


კრასნოდარსა და ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის საგარეო უწყების ადგილობრივი ორგანოებისთვის კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის საკონსულო მომსახურების გაწევის მითითებაზე ოფიციალური მოსკოვი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ”რუსეთს უფლება აქვს დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ორგანოების ფუნქციები”.

Back to top button