
რუსეთი თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ვიდეომასალას ეჭვქვეშ აყენებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 აპრილს განაცხადა, რომ ის ვიდეომასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ ისვრის გამანადგურებელი ჭურვს და აგდებს ქართულ უპილოტო თვითმფრინავს, გამოგონილია.
საქართველოს განცხადებით, ეს ვიდეომასალა ”უეჭველი მტკიცებულებაა” იმის, რომ საბრძოლო თვითმფრინავი, რომელმაც 20 აპრილს ქართული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო აფხაზეთის თავზე, არის რუსული MIG-29.
”[ვიდეომასალა] არ იმსახურებს ნდობას და ბევრ კითხვას წარმოშობს,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ 29 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში, ”კერძოდ, სპეციალისტები აღნიშნავენ გამანადგურებლის პილოტის უცნაურ ქცევას, რომელმაც თითქოს განზრახ გამოაჩინა თავისი მანქანა, შეფრინდა რა უპილოტო თვითმფრინავის ქვეშ თავდასხმამდე (კამერა თვითმფრინავს ქვედა ნაწილზე აქვს მიმაგრებული და მის ზემოთ არსებულ ტერიტორიას იქ დამონტაჟებული კამერა ვერ ფარავს)”.
საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებით, საბრძოლო თვითმფრინავის კამერით გადაღება მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ პირველად გამოსროლილი ჭურვი ასცდა თვითმფრინავს, რომელსაც პატარა ზომის ძრავა ჰქონდა და რთული სამიზნე იყო. სავარაუდოდ, მეორედ პილოტი შეეცადა უფრო ახლოს მისულიყო თვითმფრინავთან, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა მისი დაფიქსირება, სანამ თვითმფინავს ჩამოაგდებდნენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ”სპეციალისტთა თქმით”, ჭურვი გამოსროლილ იქნა ფრთის კიდეზე არსებული პილონიდან, მაშინ როცა რუსეთის საჰაერო ძალებში არსებულ MIG-29-ებს ფრთის კიდეებზე პილონები არ გააჩნიათ.
რუსეთის საგარეო უწყების თქმით, ”ჰაერი-ჰაერი” ჭურვი გამოსროლის შემდეგ არ ქმნის თეთრი კვამლის ნაკვალევს, როგორც ეს ვიდეომასალაში ჩანს. ჩვეულებრივ, თეთრ კვალს ტოვებს ”ხმელეთი-ჰაერის” ტიპის ჭურვის გამოსროლა.
”ეს არ არის აშკარად დამონტაჟებულ ვიდეომასალაში არსებული შეუსაბამობების სრული ჩამონათვალი,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ და დასძინა, რომ ვიდეომასალა არ იძლევა ”ნათელ სურათს იმისა, თუ როდის და სად იქნა გადაღებული ეს მასალა”.
”კარგად თუ დააკვირდებით, აშკარად დაინახავთ ორ პარალელურ გზას, ზღვისკენ მიმავალს. თუმცა, აფხაზეთის სანაპიროს მითითებულ რაიონში ასეთი გზები არ არის. და პირიქით, კადრში არ ჩანს ცნობილი აფხაზური ქვიშის სანაპირო 100 მეტზე მეტი სიგანის, რომელიც თანამგზავრიდან დაკვირვებისასაც კი კარგად ჩანს,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.
რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ ქართული უპილოტო თვითმფრინავი აფხაზეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა L-39-მა ჩამოაგდო და გაიმეორა, რომ უპილოტო მზვერავი თვითმფრინავების ფრენა კონფლიქტის ზონის თავზე ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ მოსკოვის 1994 წლის შეთანხმების დარღვევაა. თუმცა, თბილისი აცხადებს, რომ ამ ფრენის შედეგად არ დაირღვა შეთანხმება, რადგანაც უპილოტო თვითმფრინავი შეუიარაღებელი იყო და პოლიციას ეკუთვნოდა.