
ევროპის საბჭოს დამკვირვებლები არჩევნებისადმი საზოგადოების უნდობლობაზე საუბრობენ
საზოგადოებრივი ნდობის დაბალი დონე საარჩევნო პროცესის მიმართ ”შეშფოთების საგანს” წარმოადგენს, განაცხადეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებმა საქართველოში ორდღიანი წინასაარჩევნო ვიზიტის დასრულების შემდეგ.
”პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლებია, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო,” – განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა მათიას იორშმა 25 აპრილს, ”თუმცა, ჯერ ისევ არსებობს პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის ნდობის უზარმაზარი ნაკლებობა, რაც ძალიან სახიფათოდ მიგვაჩვია”. მისი თქმით, ეს იწვევს საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის კლებას.
ევროპის საბჭოს დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ისინი ”სერიოზულად არიან შეშფოთებული არჩევნების ადმინისტრირების მიმართ პოლიტიკური ნდობის დაბალი დონის გამო”.
”დელეგაცია მოუწოდებს ხელისუფლებას და განსაკუთრებით ცესკოს უზრუნველყონ ამ არჩევნების აბსოლუტურად გამჭირვალე ადმინისტრირება, რამაც შესაძლოა უზრუნველყოს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და ასევე თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისგან, რაც ძირს გამოუთხრის ამ პროცესს,” – განაცხადა დელეგაციამ.
თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას მათიას იორშმა განაცხადა, რომ დელეგაცია მიესალმა საქართველოს ხელისუფლების სურვილს გაითვალისწინოს ევროპის საბჭოს რამდენიმე რეკომენდაცია, მათ შორის: ამომრჩეველთა დამატები სიების გაუქმება; საარჩევნო ბარიერის 7%-დან 5%-მდე შემცირება; არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების შეტანის პროცედურების გამარტივება. იგი ასევე მიესალმა იმ ფაქტს, რომ ოპოზიციურ პარტიებს მიეცათ საოლქო საარჩევნო კომისიებში თავიანთი წარმომადგენლების დასახელების შესაძლებლობა. ცესკოს და საუბნო კომისიების მსგავსად, საოლო კომისიაშიც ცამეტიდან ექვსს წევრს ოპოზიცია ასახელებს.
იორშის თქმით, 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე ბევრად უფრო მეტია დამოკიდებული, ვიდრე მხოლოდ ის, თუ ვინ მიიღებს ძალაუფლებას საკანონმდებლო ორგანოში.
”მინდა შევახსენო ყველა ქართველს, რომ ნატოს ბუქარესტის სამიტმა შესაძლებლობა მისცა [ნატოს] საგარეო საქმეთა მინისტრებს წევრობის სამოქმედო გეგმა მიანიჭონ საქართველოს საპარლამნეტო არჩევნების შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ ის [5 იანვრის] საპრეზიდენტო არჩევნებზე უკეთესი იქნება,” – განაცხადა მან, ”ამრიგად, როდესაც საპარლამენტო არჩევნებზე ვსაუბრობთ, ნატოს და MAP-ის ბედიც მასთანაა დაკავშირებული და მე ამის შესახებ ვსაუბრობ, რადგანაც ჩემი რწმენით, ისინი, ვინც არჩევნების კანონიერებას არსებითი არგუმენტის გარეშე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, ჩემი აზრით, ისინი რისკის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავალს და უსაფრთხოებას”.