
საქარველოს საგარეო უწყება რუსეთის ”სამხედრო აგრესიის” შესახებ აფრთხილებს
რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ დიდი ხნის წინათ დაგეგმილი სამხედრო აგრესიის ინფორმაციული უზრუნველყოფა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში და გააფრთხილა, რომ რუსი სამშვიდობოების ყოფნა კონფლიქტის ზონაში ”უკიდურესად სარისკოა”.
ეს განცხადება გაკეთდა დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობებში რუსეთის საგარეო უწყების სპეციალური წარმომადგენლის ვალერი კენიაიკინის განცხადების საპასუხოდ. კენიაიკინმა 25 აპრილს განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო სამხედრო კონფლიქტს დაიწყებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რუსეთს მოუწევს რეაგირება, მათ შორის სამხედრო გზითაც მოახდინოს.
”უკანასკნელი მოვლენების განვითარება ცხადყოფს, რომ რუსეთს თავისი პოლიტიკა გადაჰყავს უკიდურესად საშიშ სამხედრო განზომილებაში,” – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ, ”აბოლუტურად ნათელია, რომ რუსეთის ფედერაციამ დაკარგა ყოველგვარი სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური უფლება იყოს კონფლიქტის დარეგულირების ხელშემწყობი სახელმწიფო, ვინაიდან იგი გვევლინება კონფლიქტის მხარედ, რაც უკიდურესად სარისკოს ხდის მისი სამშვიდობოების ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე”.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა განსაკუთრებით ინტენსიურ ხასიათს იძენს მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი ”სთავაზობს აფხაზურ მხარეს ახალ უპრეცედენტო სამშვიდობო ინიციატივებს, რომლებიც ფართოდ არის მოწონებული და მხარდაჭერილი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ”.