
რუსეთის სამხედრო ქმედება აფხაზეთში შესაძლებელია – რუსი დიპლომატი
თუ საქართველო სამხედრო კონფლიქტს დაიწყებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რუსეთს მოუწევს სამხედრო გზით რეაგირება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვალერი კენიაიკინმა 25 აპრილს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე დაგმეს ეს განცხადება, როგორც ”პირდაპირი სამხედრო მუქარა”.
”რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სამხედრო სცენარი არ განხორციელდეს ქართული-აფხაზური კონფლიქტის ზონაში, მაგრამ თუ ეს მოხდა, ჩვენ მოგვიწევს რეაგირება, მათ შორის სამხედრო გზითაც,” – იტყობინება ”რია ნოვოსტი” კენიაიკინის სიტყვებზე დაყრდნობით.
”თუ უმწეო ხალხს პრობლემები შეექმნება, ჩვენ მოგვიწევს მათი დაცვა,” – დასძინა მან.
”რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შეცვლას თეორიული შესაძლებლობიდან პრაქტიკულ რეალობამდე, ამას სჭირდება მოლაპარაკებები,” – აღნიშნა რუსმა დიპლომატმა, ”ამჟამად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა თეორიული ჰიპოთეზაა”.
”ჩვენ მოლაპარაკებებისკენ მოვუწოდებთ მხარეებს არსებული ფორმატის ფარგლებში და თუ ვინმეს სურს ნატოს ძალების იმედი ჰქონდეს, ჩვენ გვაქვს ის, რითიც უნდა ვუპასუხოთ,” – განაცხადა მან.
კენიაიკინმა ასევე განაცხადა, რომ ის არ არის დარწმუნებული, რომ ”აშშ პოზიტიურ როლს ასრულებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების თვალსაზრისით”.
მან არ გამორიცხა, რომ ”საქართველომ შესაძლოა სამხედრო ოპერაცია დაიწყოს უახლოეს მომავალში აფხაზეთის წინააღმდეგ”.
კენიაიკინმა ასევე აღნიშნა, რომ ”აფხაზეთის საჰაერო სივრცეში 20 აპრილს რუსული გამანადგურებელი არ ყოფილა” და უკმაყოფილება გამოთქვა ამ საკითხის ეუთოს უსაფრთხოების ფორუმზე შესაძლო განხილვასთან დაკავშირებით.
”ვინ განიხილავს იქ [ეუთოში] რამეს? ჩვენ ისევ ვიხილავთ იმ ვიდეომასალას, რომელიც [საქართველომ] უჩვენა გაეროს უშიშროების საბჭოს. დასკვნები ამ ინციდენტთან დაკავშირებით უნდა ეყრდნობოდეს ექსპტერთა და არა დილეტანტთა შეხედულებებს,” – განაცხადა კენიაიკინმა.
რუსი დიპლომატის განცხადებას თბილისში სწრაფი რეაქცია მოყვა.
”ეს არის პირდაპირი სამხედრო მუქარა საქართველოს წინააღმდეგ,” – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა გივი თარგამაძემ.
”ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომელიც რუსეთის აგრესიულობაზე მიანიშნებს. საქართველო მზად არის თავი დაიცვას ნებისმიერი ტიპის აგრესიისგან, მათ შორის იმისგან, რომელიც რუსეთიდან მოდის,” – განაცხადა მან.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ თბილისის მთავარი იარაღი რუსეთის მუქარასთან დასაპირისპირებლად არის დიპლომატიური მცდელობები, მათ შორის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაც და კვლავ გაიმეორა: ”საქართველოს აქვს უნარი დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან”.
დავით ბაქრაძე, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა 23 აპრილს დატოვა, გერმანიაში ვიზიტის დროს საგარეო საქმეთა მინისტრს ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას შტაინმაიერმა დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარების თაობაზე. 25 აპრილს რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ მინისტრმა სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის გერმანელ კოლეგასთან და ორმხრივი ურთიერთობები და სხვა საერთაშორისო საკითხები განიხილა. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში საქართველოზე საუბარი არ არის.
იმავე დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არანაირი კრიზისი არ არის.
”ვერ ვხედავ რაიმე კრიზისს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში. ჩვენ ვხედავთ კრიზისს ერთი მხრივ საქართველოს და მეორე მხრივ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობებს შორის. ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელმძღვანელობას არ შესწევს უნარი დიალოგი აწარმოოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან და ამის სანაცვლოდ აცხადებს, რომ ნატოში შევა, რათა ყველა პრობლემა მოაგვაროს, სერიოზულად აუარესებს ვითარებას,” – განაცხადა ლავროვმა მოსკოვში თავის ფინელ კოლეგასთან ალექსანდრე სტაბთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
”ვიმედოვნებ, რომ იმ ხალხს, ვინც ცდილობს ხელოვნურად შეიყვანოს საქართველო ნატოში, ეს კარგად ესმის. იმედი მაქვს, რომ ამ ხალხმა იცის თბილისის კატეგორიული უარის თაობაზე ხელი მოაწეროს ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებას, რომელსაც გაერო და ეუთო სთავაზობენ. მინდა ამ ხალხის რეაქცია მოვისმინო საქართველოს ხელისუფლების განცხადებებზე, რომ ქართული უპილოტო თვითმფრინავები დაფრინავდნენ, დაფრინავენ და კვლავაც იფრენენ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში [მინიშნება სააკაშვილის განცხადებაზე], მიუხედავად იმისა, რომ ამას გაეროს უშიშროების საბჭო კრძალავს”.