skip to content
ახალი ამბები

სოხუმი დასავლეთის პოზიციას აკრიტიკებს

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის დასავლელი წევრები თბილისის სასარგებლოდ მიკერძოებულ შუამავლობაში დაადანაშაულა.


”საერთაშორისო შუამავლებმა კვლავ წარმოაჩინეს მიკერძოება, რაც გვიბიძგებს მეგობართა ჯგუფის შუამავლობის და მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხი სერიოზულად განვიხილოთ,” – განუცხადა შამბამ ”აფსნიპრესს” 24 აპრილს.


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ 23 აპრილს, გაეროს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც გამოხატეს ”ღრმა შეშფოთება” რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოფიციალური ურთიერთობები დაამყაროს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეცვალოს ან არ განახორციელოს ეს გადაწყვეტილება. ოთხივე ქვეყანა, რუსეთთან ერთად, გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფში შედის, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებზე მუშაობს.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 24 აპრილს განაცხადა, რომ ეს ერთობლივი განცხადება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგანაც ”პირველად” მეგობართა ჯგუფი ”გაიყო” და რუსეთი მარტო დარჩა.


მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მოკავშირეების მიერ მიღებული პოზიცია იძლევა მოლაპარაკებების საშუალებას არა მხოლოდ რუსეთის სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტაზე, არამედ სამშვიდობო პროცესში მეგობარი ქვეყნების როლის და შუამავლის სტატუსის გაზრდაზე.


 

Back to top button