
სააკაშვილი რუსული სამშვიდობო ფორმატის გადახედვაზე საუბრობს
ის ფაქტი, რომ საერთაშორისო საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზე ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების გამო რუსეთის, როგორც ნეიტრალური შუამავლის როლი, უბიძგებს საქართველოს მოითხოვოს გაეროს მისიის გაძლიერება და დასვას ორივე კონფლიქტის ზონაში რუსული სამშვიდობო კონტიგენტების ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხი, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 24 აპრილს.
”ჩვენი პოზიცია არის შემდეგი: ჩვენ ვართ და ვრჩებით კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ზედმიწევნით მომხრეები. მეგობრებმა გაეროშიც, ჩვენმა ბევრმა პარტნიორმა და ასევე აშშ-მ რამდენჯერმე ბოლო დღეების განმავლობაში ეჭვქვეშ დააყენა რუსეთის, როგორც ნეიტრალური შუამავლის როლი მთელ ამ პროცესებში. ეს ჩვენ გვიბიძგებს დავიწყოთ კონსულტაციები ჩვენს მეგობრებთან გაეროს მისიის ფორმატის გადახედვაზე და გაეროს მისიის გაძლიერებაზე ისევე, როგორც მეგობარი სახელმწფოების როლის და შუამავლის სტატუსის გაზრდაზე და გაძლიერებაზე ორივე კონფლიქტის ზონაში,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, ”მაგრამ ამავე დროს რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტის შემდგომ იქ ყოფნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით ჩვენ დავიწყებთ ინტენსიურ მოლაპარაკებას ყველა ჩვენ მეგობართან”.
”მე ხაზს ვუსვამ, საქართველო არ გადადგამს არცერთ ისეთ ნაბიჯს, რომელის რაიმე სახით საფრთხის ქვეშ დააყენებს მშვიდობას და უსაფრთხოებას ამ რეგიონში,”- განაგრძო მან, ”მაგრამ დღეს რუსეთის იქ ყოფნა, რუსული კონტიგენტის იქ ყოფნა და ქმედებები, რომლებიც განხორციელდა ამ ბოლო კვირეების განმავლობაში, ერთმნიშვნელოვნად რისკ-ფაქტორად აქცევს ასეთი ტიპის ყოფნას და ქმედებებს კონფლიქტის ზონაში”.
იმავდროულად, მან განაცხადა, რომ საქართველო სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების ლეგალიზებაზე და აფხაზეთისთვის სანქციების მოხსნაზე რუსეთის მიერ გადაწყვეტილებების შეცვლის სანაცვლოდ, მზადაა აწარმოოს ”ამომწურავი” მოლაპარაკებები კრემლთან ორმხრივ საკითხებზე.
”გუშინ გავაგზავნეთ წერილი მოსკოვში, სადაც მზად ვართ რუსეთის ამ გადაწყვეტილებების გადახედვის პარალელურად, რომელსაც ჩვენ ველით და ამას ელის რუსეთისგან ევროკავშირი, ყველა პარტნიორი სამშვიდობო პროცესში, ევროპის სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობა, პრაქტიკულად, ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყანა – აი ამ გადაწყვეტილებების შეცვლის და გადახედვის პარალელურად ჩვენ მზადა ვართ რუსეთთან ვაწამოოთ ამომწურავი მოლაპარაკებები, რომელიც ეხება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, ჩვენი ხალხების დაახლოებას, კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტას, კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ყველა მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებას,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თუმცა სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ვერ შეეგუება მისი ტერიტორიების ანექსიის დაკანონებას და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლის მცდელობას.
”ჩვენი ამოცანა არის, რომ თავიდან ავიცილოთ რაიმე სახის მასშტაბური ან სხვა სახის გართულება და შეუქცევადი ხასიათი მივცეთ სამშვიდობო პროცესს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს ერთიანობას იმ სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გაეროს მეგობართა ჯგუფის ყველა წევრის მიერ, რუსეთის გარდა, ევროკავშირის და აშშ-ს მიერ,”- განაცხადა სააკაშვილმა.
იგი ასევე მიესალმა გაეროს გენერალური მდივნის საქართველო მეგობართა ჯგუფის (რუსეთის გარდა) ოთხი წევრის – დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და აშშ-ს რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას, რომელიც აფხაზეთის საკითხის განხილვისას 23 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის ფარგლებში იქნა მიღებული და ასევე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, სადაც სააკაშვილის თქმით, ”ყოველგვარი დიპლომატიური რევერანსების და მიკიბ-მოკიბვის გარეშე ნათქვამია, რომ ის თვითმფრინავი, რომელიც ბომბავდა საქართველოს იყო რუსული”.
”მე ვფიქრობ, ეს არის ის, რამაც სერიოზულად უნდა დააფიქროს ჩვენი მეგობრები და პარტნიორები მოსკოვში,”- დასძინა მან.