
რუსეთი იგერიებს დასავლეთის მოწოდებას შეცვალოს სეპარატისტულ რეგიონებზე გადაწყვეტილება
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ 23 აპრილს, გაეროს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც გამოხატეს ”ღრმა შეშფოთება” რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოფიციალური ურთიერთობები დაამყაროს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან.
”მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას შეცვალოს ან არ განახორციელოს ეს გადაწყვეტილება,” – ნათქვამია განცხადებაში. ოთხივე ქვეყანა, რუსეთთან ერთად, გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფში შედიან, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებზე მუშაობს.
თუმცა, რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა ჟურნალისტებს განუცხადა: ”ეს, რა თქმა უნდა, რთული ამოცანაა და ვფიქრობ, რომ მათ [ოთხმა სახელმწიფომ] თავადაც კარგად იციან, რომ ეს ის არ არის, რაც უნდა მოხდეს. ეს არ არის ის, რის თქმასაც მოველით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან”.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის პოზიცია, რომ მოსკოვის ნაბიჯები გააღრმავოს ურთიერთობები თვითგამოცხადებულ რეგიონებთან მიზნად ისახავს ამ რეგიონების მოსახლეობის – რომელთა უმეტესობასაც რუსული პასპორტები აქვს – სოციალური პირობების გაუმჯობესებას.
მან ასევე უარყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთის ნაბიჯი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ”მცოცავი ანექსიის” ტოლფასია.
”აშკარაა, რომ ეს არ არის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დიპლომატიური აღიარება ან საერთაშორისო აღიარება. ეს არ გულისხმობს ფართო სამხედრო თანამშრომლობას რუსეთსა და ამ რეგიონებს შორის,” – განაცხადა ჩურკინმა.
მან ეს განცხადება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა, რომელიც საქართველოს თხოვნის საფუძველზე გაიმართა. რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა იყო ”ძალიან კარგი” და ”სასარგებლო”, თუმცა სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზური მხარე არ იქნა მოწვეული საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომამ, რომელსაც დავით ბაქრაძეც დაესწრო, ორი საკითხი განიხილა: რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარების თაობაზე და აფხაზეთში რუსეთის MIG-29 გამანადგურებლის მიერ, როგორც ამას თბილისი აცხადებს, ქართული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის ჩამოგდების თაობაზე.
მართალია ოთხი სახელმწიფოს ერთობლივ განცხადებაში არაფერია ნათქვამი თვითმფრინავის ინციდენტთან დაკავშირებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 23 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ის ”ღრმა შეშფოთებას გამოხატავს აფხაზეთის თავზე ქართული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის, სავარაუდოდ, რუსული MIG-29-ს მიერ ჩამოგდების გამო”.
ქართულმა მხარემ ბორტზე დამონტაჟებული კამერით გადაღებული ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ უახლოვდება ორკუდიანი საბრძოლო თვითმფრინავი ქართულ საფრენ აპარატს და ჭურვს ესვრის მას. საქართველოს თქმით, ეს სწორედ MIG-29 იყო. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, MIG-29 არც ქართულ, არც აფხაზურ მხარეებს არ ჰყავთ.
ვიდეომასალის შესახებ საუბრისას, ჩურკინმა განაცხადა: ”ეს მხოლოდ ვიდეოა. როგორც იცით, აფხაზური საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ მათ ჩამოაგდეს ის, ხოლო ჩვენი საჰაერო ძალები ამბობენ, რომ ჩვენ თვითმფრინავებს იმ ტერიტორიაზე ფრენა არ განუხორციელებიათ”.
უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ თბილისი მადლიერია ოთხი სახელმწიფოს მიერ ერთობლივი განცხადების გამოქვეყნების გამო. მისი თქმით, ეს მხარდაჭერა არის ”საუკეთესო გარანტია, რათა თავიდან იქნას აცილებული რაიმე გართულებები ან საქართველოს სუვერენიტეტის რაიმე შემდგომი დარღვევა”.
თვითმფრინავის ინციდენტზე საუბრისას ბაქრაძემ განაცხადა: ”სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი რუსეთის ფედერაციის ელჩისგან [ჩურკინისგან], თუ რატომ და როგორ აღმოჩნდა რუსული MIG-29 საქართველოს საჰაერო სივრცეში”.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ”მნიშვნელოვნად ლახავს რუსეთის, როგორც ნეიტრალური მედიატორის როლს” სამშვიდობო პროცესში.
”გაეროში მიმდინარეობს სიღრმისეული განხილვა სამშვიდობო პროცესისა და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ მივიღებთ რეკომენდაციებს და დასკვნებს გაეროსგან იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი,” – განაცხადა ბაქრაძემ.