
დამკვირვებლები მმართველი პარტიის სიის პრობლემურ წარდგენაზე კომენტარს აკეთებენ
მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატთა სიის წარდგენასთან დაკავშირებულმა დაპირისპირებამ კიდევ უფრო შეარყია ცენტრალური სააარჩევნო კომისიის (ცესკო) სანდოობა, განაცხადეს ადგილობრივმა დამკვირვებლებმა.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა თავიანთი პარტიული სია ცესკო-ში საბოლოო ვადის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიტანეს, თუმცა ოპოზიციის განცხადებით, მმართველმა პარტიამ, რომლისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადება, რომ ის აღარ იყრიდა კენჭს საპარლამენტო არჩევნებში, ან ”ცარიელი ფურცლები” წარადგინა, ან ღამით ფარულად შეცვალა ეს სია. ეს ვარაუდები კიდევ უფრო გაღრმავდა მას შემდეგ, რაც ცესკო, რომელიც სიების დალუქულობის და სამუშაო საათების ამოწურვის მოტივით მანამდე უარს ამბობდა სიების ჩვენებაზე, დამკვირვებლებისთვის და კომისიის ოპოზიციური წევრებისთვის სიების წარდგენას შუაღამის შემდეგ დათანხმდა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ, რომელიც ცესკო-ში მომხდარი დაპირისპირების დროს იქ იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ის არ დაიწყებს იმაზე სპეკულირებას სია შეიცვალა თუ პროცედურის დარღვევით იქნა წარდგენილი. თუმცა, მან ასევე განაცხადა, თავად იმ ფაქტმა, რომ ცესკო-მ გააჭიანურა პროცესი და მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მისცა საშუალება მის ოპოზიციურ წევრებს და დამკვირვებლებს ენახათ ეს სია ”სამართლიან კითხვებს” წარმოშობს.
მისი თქმით, ცესკო-მ თავდაპირველად განუცხდა, რომ სია ერთ-ერთ ოთახში იყო, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის სხვა ოთახში ყოფილა. ”ვფიქრობ, სამართლიანი კითხვები არსებობს ცესკო-ს ადმინისტრაციის მიმართ,” – განუცხადა ჩხეიძემ რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს 23 აპრილს. ”დიახ, მართალია, რომ როდესაც ჩვენ საბოლოოდ ვიხილეთ ეს სია, ყველა პირობა დაცული იყო, მაგრამ ისმის სამართლიანი კითხვა: თუ სია 6 საათამდე იქნა წარდგენილი, რატომ არ მისცეს ცესკოს [ოპოზიციურ] წევრებს ენახათ ის [მოთხოვნისთანავე]? რატომ გაიწელა ეს პროცესი ღამის 4 საათამდე? ამგვარი ვითარება ცესკო-ს ხელმძღვანელობის და ზოგადად, საარჩევნო ადმინისტრაციების მიმართ უნდობლობის ატმოსფეროს ქმნის”.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა სირაძემ რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს განუცხადა, რომ ცესკომ მნიშვნელოვნად გააჭიანურა პროცესი. მისი თქმით, საბოლოოდ, როდესაც დამკვირვებლებმა იხილეს სია, მისი ლუქი დაზიანებული იყო.
მმართველმა პარტიამ და ცესკო-ს ხელმძღვანელობამ რაიმე დარღვევის არსებობა კატეგორიულად უარყვეს.