ახალი ამბები

ოპოზიცია ”ნაციონალების” საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას მოითხოვს

ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიცია და რესპუბლიკური პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან (ცესკო) ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას მოითხოვენ იმ მოტივით, რომ მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო კანონით დადგენილ ვადაში  – 21 აპრილის 18 საათამდე პარტიული სიის სრულყოფილი ვერსიის წარდგენა.


დღესვე ოპოზიციურმა პარტიებმა ცესკო-ს თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვეს. მათ თარხნიშვილი ”თაღლითობაში” დაადანაშაულეს იმის გამო, რომ მან გუშინვე არ მისცა ოპოზიციის წარმომადგენლებს ნაციონალური მოძრაობის სიების ნახვის საშუალება.


”გაერთიანებული ოპოზიცია კატეგორიულად აყენებს ნაციონალური მოძრაობის რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხს,”- განაცხადა დღეს დეპუტატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან, კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, ”მთელმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის NDI, ეუთომ (ODIHR) დაინახეს, რომ  ლევან თარხნიშვილი, ცესკო-ს თავმჯდომარე არის ჩვეულებრივი თაღლითი”.

”მოვითხოვთ პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ცესკო-ს თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის იმის გამო, რომ მან უკანონოდ გაასაიდუმლა კომისიის წევრებისთვის საჯარო ინფორმაცია,”- განაცხადა თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიის წევრმა ცესკოს შენობასთან გამართულ ბრიფინგზე. 

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ცესკოს სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხის დაყენებას აპირებენ.  


აღნიშნული ბრალდებებს ”აბსურდული” უწოდა ლევან თარხნიშვილმა და დასძინა, რომ ცესკო-ში ოპოზიციური პარტიის წევრებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ  ნაციონალური მოძრაობის სიების წარდგენის და დალუქვის პროცედურებს.


ოპოზიციური პარტიების წევრებმა ცესკოში პროტესტი მას შემდეგ გამოთქვეს, რაც მათ 21 აპრილს საღამოს არ მიეცათ მმართველის პარტიის მიერ წარდგენილი სიების ხილვის საშუალება იმ მოტივით, რომ სიები დალუქული იყო. თუმცა, მოგვიანებით, მას შემდეგ რაც ცესკოში ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ზურაბ მელიქიშვილი მივიდა, ლევან თარხნიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების თანდასწრებით ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს სიების ნახვის საშუალება მისცა.

თინა ხიდაშელის ვერსიით, ცესკოში მმართველი პარტიის მიერ გადაკეთებული სიები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოხვდებოდა, თუმცა თარხნიშვილმა უარყო ეს ვარაუდი.


 

Back to top button