ახალი ამბები

ბურჯანაძის გადაწყვეტილება მმართველი პარტიისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი კმაყოფილი არ არის პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილებით მონაწილეობა აღარ მიიღოს 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში.

ბურჯანაძის გადაწყვეტილება პოლიტიკური შოკის ტოლფასი იყო, როდესაც მან 21 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში აღარ აპირებდა კენჭისყრას. მან არ დამალა, რომ მისი გადაწყვეტილება უკავშირდებოდა ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერებთან პარტიულ სიაზე შეუთანხმებლობას.


”ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება,” – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.


ბურჯანაძემ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის პარტიულ სიის ლიდერი იყო, განაცხადა: ”ძალზედ სერიოზული, ხანგრძლივი და არა მარტივი კონსულტაციების მიუხედავად, ჩემდა სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული კონსენსუსი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიის ფორმირების პროცესში, ეს სასიამოვნო არ არის, მაგრამ არც ტრაგედია არ არის. მე ვცდილობდი საპარლამენტო სიაში მოხვედრილიყვნენ ახალი ადამიანები, ახალი სახეები, რომლებიც ჩემის აზრით, ნამდვილად გამოადგებოდნენ ქვეყანას, კიდევ უფრო მნიშვნელოვან რეფორმებში ჩაებმებოდნენ, ჰუმანურს გახდიდნენ რეფორმებს”. 


ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა, რომ მისი გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ოპოზიციაში მიდის. ”მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის გარემოება, რომ ყველამ კარგად უნდა იცოდეს და კარგად უნდა გაიგოს – ეს არის ჩემი მტკიცე პოზიცია – რომ განსხვავებული მოსაზრებები არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების შესუსტებას და ოდნავათაც ვერ შეასუსტებს მნიშვნელოვან, ქვეყნისათვის სასიცოცხლო საკითხებში ჩვენი ხელისუფლების ერთიანობას,” – განაცხადა მან.


პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი გადაწყვეტილება საღამოს 6 საათზე გაახმოვანა – სწორედ ამ დროს ამოიწურა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული სიების წარდგენის ბოლო ვადა. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ სია ვადის ამოწურვამდე წარადგინა, გვარები არ გახმოვანებულა, რამაც გააჩინა ეჭვები იმის თაობაზე, რომ სიის შედგენის პროცესი არ დასრულებულა. ცესკო-ს ოპოზიციურმა წევრებმა მმართველი პარტიის სიის გამოქვეყნება მოითხოვეს. თუმცა, ცესკომ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ის დალუქული იყო და მხოლოდ 22 აპრილს გაიხსნებოდა.


სიის პირველი ნომერი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძეა. მას მოყვება ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი.


ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მის გადაწყვეტილებას ”გაგებით” შეხვდა.


თავის სატელევიზიო მიმართვაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა: ” მე მესმის, რატომაც გადაწყვიტა ასე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ ვარ.”


შემდეგ მან შეაქო ბურჯანაძე როგორც საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური ფიგურა და განაცხადა, რომ ის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებაა.


”იგი არის საქართველოს პატრიოტი, რომელთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში მოვდივარ; ის არის ადამიანი, რომელიც ყველაზე რთულ დღეებში, მაგალითად, ნოემბერში, ქვეყანაში ძალზე მწვავე პოლიტიკური კრიზისის დროს დადგა მაგრად; პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ორჯერ მოუწია – ორჯერვე ურთულეს პირობებში და ორივეჯერ მოახერხა სტაბილურობისა და წყნარი გადასვლის უზრუნველყოფა. ეს არის ადამიანი, რომელიც ჩემთვის პოლიტიკური ინტელექტის, სტაბილურობის, სიმშვიდის და ღირსების სიმბოლოა.”


მისი თქმით, მმართველი პარტიის სიის სამი მეოთხედი ახალი სახეებით არის დაკომპლექტებული, რომელთაც პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონიათ ადრე.  


სააკაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობა არ არის მხოლოდ სააკაშვილი, ბურჯანაძე ან დეპუტატები და მინისტრები. ” ნაციონალური მოძრაობა მასობრივი, საერთო სახალხო მოძრაობაა,” – აღნიშნა მან.


ბურჯანაძემ განაცხადა, რომ არჩევნებამდე შეასრულებს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას, თუმცა გრძელვადიან გეგმებზე არაფერი უთქვამს.


”მიუხედავად მისი [ნინო ბურჯანაძის]გადაწყვეტილებისა დროებით ჩამოშორდეს პოლიტიკას,”- განაცხადა 21 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა, ”ის იმედია დაუბრუნდება აქტიურ პოლიტიკას, ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, დარწმუნებული ვარ ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში”.

Back to top button