
მოსკოვის კონსტრუქციულ ტონს თბილისი ეჭვით უყურებს
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის აღმასრულებელ ხელისუფლებას დაავალა გადადგას შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯები საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით. თუმცა ოფიციალურმა თბილისმა ეჭვი შეიტანა ამ განცხადების გულწრფელობაში და კიდევ ერთხელ მოთხოვა რუსეთს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობების ლეგალიზებაზე გადაწყვეტილების ”ანულირება”.
რუსეთის საგარეო უწყების 18 აპრილის განცხადებაში საუბარია ორმხრივი კონსულტაციების დაწყებაზე ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე ხელახლა დასაშვებად, დარჩენილი სავიზო შეზღუდვების მოხსნაზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ და ზემო ლარსის – ერთადერთი ლეგიტიმური სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის დაჩქარებაზე. ყველა სანქცია რუსეთმა 2006 წელს თბილისთან გართულებული ურთიერთობების გამო დააწესა.
პირდაპირი საჰაერო და საზღვაო მიმოსვლის აღდგენაზე უკვე რეალიზებული ნაბიჯების კვალდაკვალ რუსეთი გეგმავს საფოსტო კავშირის აღდგენას საქართველოსთან 21 აპრილიდან. ”გათვალისწინებულია ასევე სხვა შესაბამისი ზომებიც,”- აღნიშნავს რუსეთის საგარეო უწყება.
”საუბარია ჩვენი თანმიმდევრული ხაზის გაგრძელებაზე, რომელიც მიმართულია ყველა შეზღუდვის მოხსნისაკენ, რომელიც ხელს უშლის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას და ერებს შორის თანამშრომლობას. დარწმუნებით დადასტურებულია მოსკოვის პოლიტიკის კონსტრუქციული მიმართულება საქართველოს მიმართულებით, შეუცვლელი მისწრაფება საქართველოსთან ტრადიციული კეთილმეზობლობის აღდგენისაკენ,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება, ”თბილისთან ურთიერთობების მოგვარება, რაშიც გულწრფელად დაინტერესებულია რუსული მხარე, უპასუხებდა რუსეთის და საქართველოს კონკრეტულ ინტერესებს”.
მოსკოვი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ქართული მხარე ადეკვატურად აღიქვამს ამ განცხადებებს და გადადგამს შემხვედრ ნაბიჯებს.
თბილისმა უკვე უპასუხა რუსეთის ამ განცხადებას, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ”კითხვის ნიშნებს ბადებს” იმ გადაწყვეტილების ფონზე, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა 16 აპრილს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ლეგალიზების თაობაზე მიიღო.
”მინდა მჯეროდეს, რომ ეს არის გულწრფელი ნაბიჯი, მაგრამ ამას იმ შემთხვევაში ექნება ფასი, თუ ადეკვატური განცხადებები გაკეთდება და მოხდება გუშინწინდელი გადაწყვეტილების ანულირება,”- განაცხადა 18 აპრილს ბურჯანაძემ.
მან კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებაზე, თუმცა ”არა საქართველოს ეროვნული ინტერესების, ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევის ხარჯზე”.
ბურჯანაძემ ეჭვი შეიტანა, რომ რუსეთის საგარეო უწყების ბოლო განცხადება ”არის ფანდი საერთაშორისო თანამეგობრობის თვალის ასახვევად” იმ ფონზე, როცა პუტინის 16 აპრილის გადაწყვეტილებას მწვავე საერთაშორისო რეაგირება მოჰყვა.