
საერთაშორისო რეაქცია რუსეთის ნაბიჯზე სეპარატისტების მიმართ
ქვემოთ მოცემულია საერთაშორისო რეაქცია რუსეთის გადაწყვეტილებაზე ოფიციალური ურთიერთობები დაამყაროს თვითგამოცხადებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან:
ევროკავშირის განცხადება:
”ევროკავშირი სერიოზულად არის შეშფოთებული მოვლენათა უკანასკნელი გნვითარებით საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში, კერძოდ რუსეთის ბოლო გადაწყვეტილების გამო… დაამყაროს ოფიციალური კავშირები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებების ორგანოებთან საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს არ განახორციელოს ეს გადაწყვეტილება”.
ნატოს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი:
”ღრმად ვარ შეშფოთებული რუსეთის ქმედებასთან დაკავშირებით დაამყაროს სამართლებრივი კავშირები საქართველოს რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან… რუსეთის ნაბიჯი საფრთხეს უქმნის [საქართველოს] სუვერენიტეტს. მე მოვუწოდებ რუსეთის ფედერაციას გადახედოს მის ქმედებებს და ასევე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას განაგრძოს თავშეკავების გამოჩენა“.
ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი:
”ამგვარი ქმედებები სიტუაციის დესტაბილიზაციას ახდენს და საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის უსაფრთხოებას და სტაბილურობას. მოვუწოდებ რუსეთს პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და განაგრძოს დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან… მოვუწოდებ ევროკავშირის მმართველ ორგანოებს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ნათლად დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით”.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი:
”ინფორმაცია, რომ მოსკოვი მთელ რიგ ღონისძიებებს განახორციელებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ახლო ურთიერთობების დასამყარებლად, შემაშფოთებელია… თუ მიღებული იქნება ისეთი ზომები, რომლებიც შექმნის შთაბეჭდილებას, რომ მისი [საქართველოს] ტერიტორიული მთლიანობა ფაქტიურად ირღვევა – და რომლის მიზანიც ამ ტერიტორიების რუსეთთან მიერთებაა – ამას შესაძლოა სერიოზული შედეგები მოყვეს. პოლიტიკური კონფლიქტი მომავალი ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყნის სამეზობლოში არავის ინტერესებში არ შედის – და ყველაზე მეტად რუსეთის”.
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე სტაბი:
”მოვუწოდებ ყველა მონაწილე მხარეს თავი შეიკავონ ცალმხრივი ქმედებებისგან, რომელთაც შესაძლოა ისედაც დაძაბული ვითარების დესტაბილიზაცია მოახდინონ. მოვუწოდებ მხარეებს მოძებნონ ნდობის აღდგენის გზები და შეეცადონ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზები იპოვონ”.
აშშ-ს ელჩი ეუთოში ჯული ფინლი:
”ამ ქმედებამ, რუსეთის მიერ ცოტა ხნის წინ დსთ-ს სანქციების მოხსნასთან ერთად, რაც აფხაზეთისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა, მნიშვნელოვნად დაძაბა ვითარება ამ ისედაც რთულ რეგიონში… რუსეთი, რომელმაც შუამავლის როლი უნდა შეასრულოს სამშვიდობო პროცესში, ამის სანაცვლოდ, ღიად ემხრობა სეპარატისტებს, რითიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მისი, როგორც მედიატორის როლს. მოვუწოდებთ რუსეთს პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, გააუქმოს 16 აპრილის მითითებები, კონსტრუქციული როლი ითამაშოს თავისი ვალდებულების შესაბამისად, რომ შუამავლის როლი შეასრულოს სამშვიდობო პროცესში და იმუშაოს საქართველოსთან, რათა წაახალისოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერები საქართველოს ახალ ინიციატივებში ჩაერთონ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, რაც გახდება გამოსავლის მოძებნის საფუძველი ”.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხავიერ სოლანას პრესსპიკერი ქრისტინა გალაში:
”ჩვენ შეშფოთებულები ვართ ამ ცალმხრივი გადაწყვეტილების გამო. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას… ჩვენ ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ამგვარი კონფლიქტები ყოველთვის დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს.“
დიდი ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ბრაიან ფოლი:
”რუსეთის მიერ ცალმხრივად შეთავაზებული წინადადებები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში მხოლოდ დაძაბავს მდგომარეობას რეგიონში”.
ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ბიუროს განცხადება:
”ამგვარი ნაბიჯები ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, როგორც ეს გაეროს რეზოლუციებითაა გათვალისწინებული, და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსეთის, როგორც სამშვიდობო პროცესის მიუკერძოებელი შუამავლის როლს. დარწმუნებული ვართ, რომ ამგვარი ქმედებები მხოლოდ გაზრდის დაძაბულობას რეგიონში. იმედი გვაქვს, რომ საქართველოში სტაბილურობა შენარჩუნდება მიუხედავად რაიმე პროვოკაციისა. გაერო კი გააცნობიერებს იმ უარყოფით შედეგებს, რაც შესაძლოა რუსეთის სამხედრო ძალების იქ ყოფნას მოყვეს”.