
საარჩევნო კამპანიაში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების წესებზე მემორანდუმი შეიქმნა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავა და 17 აპრილს გააფორმა მემორანდუმი, რომელიც საარჩევნო კოდექსის შესაბამისად ადგენს, თუ რა წესები უნდა დაიცვან წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას თანამდებობის პირებმა და სხვა საჯარო მოხელეებმა.
მემორანდუმის ხელმომწერები – ცესკო, “ახალი თაობა – ახალი ინიციატივა”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” – ასევე თანხმდებიან, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს მემორანდუმის განმარტებებით იხელმძღვანელებენ.
სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა და ასევე სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან არჩევას.
მემორანდუმის თანახმად, სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების დროდ ჩაითვლება საჯარო მოხელის მხრიდან უშუალოდ სამსახურეობრივი ფუნქციების შესრულება, მათ შორის ანაზღაურებადი დროც. თუმცა მოხელეებს ამ აკრძალვის გამო პასუხისმგებლობის თავიდან არიდება შეეძლებათ, თუ ისინი წინასწარ წერილობით აცნობებენ ზემდგომ ორგანოებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის თაობაზე.
მემორანდუმი ასევე ადგენს, რომ ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებად ჩაითვლება, თუ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე ის ორგანიზაციები, რომლებშიც სახელმწიფოს წილი შეადგენს 50% ან მეტს, რომელიმე პარტიას/ბლოკს მისცემენ საარჩევნო აგიტაციის გაწევის მიზნით კუთვნილი შენობების; საკომუნიკაციო საშუალებების; საინფორმაციო მომსახურების; სხვადასხვა ტექნიკის; სატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გამოყენების ნებას, ხოლო სხვა საარჩევნო სუბიექტებს უარს ეტყვიან, მათ შორის თავიანთი უმოქმედობით, ანალოგიურ მომსახურებაზე.
ამჟამად მიმდინარე საპარლამენტო კამპანიის ფარგლებში თითქმის ყოველდღიურად აქვს ადგილი, ძირითადად დედაქალაქში, თბილისის მერთან გიგი უგულავასთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების ხაზგასმულ მონაწილეობას სხვადასხვა მუნიციპალურ ღონისძიებებში, მათ შორის ახალი საავტობუსო მარშრუტების გახსნის, დასუფთავების მანქანების პრეზენტაციების და სხვა აქტივობებში, რომლებიც სამუშაო საათებში ხდება.
17 აპრილს ქართულმა ტელეკომპანიებმა გადასცეს სიუჟეტი, სადაც თბილისის ვიცე-მერმა გიორგი მელაძემ, რომელიც საბურთალოს ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია მმართველი პარტიიდან, საჩუქრები დაარიგა მისი ოლქის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში; დღეს კი მელაძემ უფასო დიზელის ვაუჩერები დაარიგა სოფელ დიღომში.
ტელემედია ასევე აქტიურად აშუქებს ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატების საქველმოქმედო აქციებს, რომლის ფარგლებშიც ძირითადად, ბიზნესმენი კანდიდატები მატერიალურად ასაჩუქრებენ თავიანთ ამომრჩეველს, თუმცა ამ ქმედებას წინასაარჩევნო მოსყიდვის სამართლებრივი კვალიფიკაცია მხოლოდ მას შემდეგ მიეცემა, რაც ეს მაჟორიტარი კანდიდატები ოფიციალურად გატარდებიან რეგისტრაციაში. მაჟორიტარების წარდგენის ვადა 21 აპრილს იწურება.