ახალი ამბები

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის დამტკიცების საკითხი გაურკვეველია

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის ბრალდების საპასუხოდ, რომ მმართველმა პარტიამ დაარღვია მიცემული პირობა ახლად არჩეული პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის დამტკიცების თაობაზე, აცხადებს, რომ ეს საკითხი ჯერ კიდევ დღის წესრიგში დგას.


”ჩვენ მივეჩვიეთ ამ ბრალდებებს ”მოტყუებასთან” დაკავშირებით,”- განუცხადა ნინო ბურჯანაძემ დღეს ჟურნალისტებს, ”როდესაც ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე რამდენიმე ოპოზიციის ლიდერს პირადად ვესაუბრე და ვთხოვე, რომ მობრძანებულიყვნენ სხდომაზე, რათა კენჭისყრა ჩატარებულიყო, საკონსტიტუციო ცვლილებები მათ შორის დღის წესრიგში იყო, ეს ადამიანები უბრალოდ არ გამოჩნდნენ პლენარულ სხდომაზე. ამისდა მიუხედავად, ეს პირობა ჯერ კიდევ ძალაშია”.


თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ არ დააკონკრეტა როდის გეგმავს ამჟამინდელი პარლამენტის შეკრებას შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად.


ახალი მოწვევის პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე პრეზიდენტის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ერთთვიანი საჯარო განხილვის დაწყებას პარლამენტმა 19 თებერვალს დაუჭირა მხარი. ეს საკითხი იყო ოპოზიციის მემორანდუმიდან ერთ-ერთი, რომლის გაზიარებაზეც ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა.


უკანასკნელი რიგგარეშე სხდომა პარლამენტში 21 მარტს ჩატარდა, თუმცა აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები დღის წესრიგში, მისი საჯარო განხილვის ერთთვიანი ვადის გასვლის მიუხედავად,  არ ყოფილა შეტანილი. იმ პერიოდში ოპოზიციური კოალიაციისა და ახალი მემარჯვენეების შიმშილობის აქცია მიმდინარეობდა უმრავლესობის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ, რომელიც 150-წევრიან პარლამენტში 75 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევას ეხებოდა. ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ ამ ცვლილებების მისაღებად საკონსტიტუციო უმრავლესობის შეგროვება ოპოზიციონერი დეპუტატების დაუხმარებლად შეძლო.

Back to top button