ახალი ამბები

ომბუდსმენმა და საია-მ ვიდეოთვალით გადაღებული მასალის თაობაზე სასამართლოს მიმართეს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 19 მაისს განაცხადა, რომ საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალით გადაღებული მასალის სარგებლობის შეზღუდვის გამო საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ანალოგიური სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს გასულ კვირას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც (საია) მიმართა.

ორივე სარჩელში საუბარია, რომ პარლამენტის მიერ 21 მარტს საარჩევნო კოდექსში მიღებული ეს ცვლილება ზღუდავს მოქალაქეთა მიერ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას.

ცვლილების თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ 2008 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას საუბნო საარჩევნო კომისიაში განთავსებული ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის მოთხოვნა შეუძლია საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირს, რომელიც ვალდებულია წარდგენილ განცხადებაში/საჩივარში მიუთითოს ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის მოთხოვნისა და დარღვევის დაფიქსირების ზუსტი დროის თაობაზე. აღნიშნული განცხადების/საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ 15-წუთიანი ინტერვალის ჩანაწერის გაცნობა კონკრეტული დროის და დარღვევის მითითებით.

ცვლილების თანახმად, ვიდეოთვალის ჩანაწერის მონაცემები არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია.

ორი სარჩელის თანახმად, ეს ცვლილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 41-ე მუხლს, რომლის თანახმადაც საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, მოიპოვოს ინფორმაცია, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას.

ორივე სარჩელი მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი ეს ცვლილება და ”გამოცხადდეს ძალადაკარგულად.“ საია ხაზგასმით აღნიშნავს სარჩელში, რომ ეს ცვლილება დაუყონებვლივ უნდა იქნას ანულირებული, რათა არ მოხდეს მისი გამოყენება 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე.

 

Back to top button