ახალი ამბები

პუტინმა და ბუშმა საქართველოს ნატოში მისწრაფებაზე ”დეტალურად” ისაუბრეს


ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის მთავარი მიზანი უნდა იყოს არა რუსეთის საზღვრებისკენ გაფართოება, არამედ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება, განაცხადა 6 აპრილს პრეზიდენტმა პუტინმა.

მან ეს განცხადება სოჭში
აშშ-ს პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. აშშ-ს პრეზიდენტი რუს კოლეგას ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ შეხვდა. სამიტზე საქართველოს და უკრაინას უარი უთხრეს ალიანსში წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებაზე, თუმცა დასკვნით კომუნიკეში ჩაიწერა, რომ ეს ორი ქვეყანა გახდება ნატოს წევრი. MAP-ზე უარის თქმა ბევრმა ექსპერტმა შეაფასა, როგორც ალიანსის რიგ ქვეყნებზე რუსეთის ზეწოლის შედეგი.


 

”რაც შეეხება ნატოს გაფართოებას, ჩვენ ამაზე დღეს საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ,”- განაცხადა 6 აპრილს ვლადიმერ პუტინმა, ”ჩემი აზრით, იმისთვის, რომ გააუმჯობესო რუსეთთან ურთიერთობები, საჭიროა არა მიიზიდო იქ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, არამედ გააუმჯობესო ურთიერთობები თავად რუსეთის ფედერაციასთან, განავითარო თავად რუსეთთან ურთიერთობები. და მაშინ ბლოკის ქმედებები ამა თუ იმ მიმართულებით შესაძლოა რამდენიმე წელიწადში არ იქნეს აღქმული ის მწვავედ ჩვენს ქვეყანაში, როგორც დღეს ეს ხდება”.

პრესკონფერენციაზე პრეზიდენტ
ბუშს, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებას, ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია იმდენად, რამდენადაც კითხვის ადრესატი ვლადიმერ პუტინი იყო.

პრეზიდენტ პუტინის თქმით, ნატოს
”ტექნიკურად” გაფართოება ძველი ლოგიკის პოლიტიკაა, როცა რუსეთი მოწინააღმდეგედ აღიქმებოდა.

”მაგრამ დღეს ეს ასე არ არის,”- დასძინა პუტინმა, ”თემის შეცვლის უუნარობა, როგორც ჩერჩილი ამბობდა, ეს რადიკალიზმის ნიშანია”.




Back to top button