ახალი ამბები

ბაქრაძე პუტინის სეპარატისტებთან თანამშრომლობის სურვილზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ რუსეთის პრეზიდენტის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებისადმი მხარდამჭერი წერილის გაგზავნის ფაქტს ”შემაშფოთებელი” უწოდა და განაცხადა, რომ ეს ქმედება განპირობებულია ნატოს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსადმი მხარდაჭერით.


რუსეთის საგარეო უწყებამ 3 აპრილს განაცხადა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა სეპარატისტი ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილში გაიზიარა მათი შეშფოთება საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანების მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებთან დაკავშირებით და აღუთქვა მათ, რომ მოსკოვის მხარდაჭერას სოხუმისა და ცხინვალისათვის ექნება ”არა დეკლარაციული, არამედ საგნობრივი ხასიათი”.


”შემაშფოთებელი და ცუდია, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ერთ სიბრტყეზე აყენებს თავის თავს სეპარატისტული წარმონაქმნების არაღიარებულ ხელმძღვანელებთან,” – განუცხადა დღეს ”რუსთავი 2”-ს დავით ბაქრაძემ, ”ეს წერილი, მე ვფიქრობ, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ შეშფოთებას, რომელიც ჰქონდა ქართულ მხარეს, რომ ნატოდან მკაფიო სიგნალის მიღების გარეშე, გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივის გარეშე, რუსეთი გააკეთებს ყველაფერს, რათა გამოიყენოს უახლოესი რამდენიმე თვე საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციისთვის და პირველ რიგში, რუსეთი ამისთვის გამოიყენებს კონფლიქტის ზონებს”.



 

Back to top button