
”იმედის” ეთერში გასვლა ფინანსური დავალიანების გამო გადაიდო
ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობის აღდგენა ფინანსური დავალიანების გამო რამდენიმე დღით გადაიდო. გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი 2,3 მილიონი ლარის ოდენობის დავალიანებაა სხვადასხვა ორგანიზაციების მიმართ.
”იმედის” გენერალურმა დირექტორმა ბიძინა ბართაშვილმა2 აპრილს გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში დაადასტურა, რომ ტელევიზიას რამდენიმე კომპანიის მიმართ დავალიანება დაუგროვდა და ეთერში გასვლა მხოლოდ ამ ვალის დაფარვის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რაც სავარაუდოდ მომავალ კვირას მოხდება.
”არხის ჩართვა კიდევ რამდენიმე დღით გადაიდო…ჩემი ვარაუდით, ეთერში ორშაბათს [7 აპრილს] მაინც გავალთ”, – განუცხადა ”რეზონანსს” ბიძინა ბარათაშვილმა.
ჯერჯერობით უცნობია აღნიშნულ თანხას გადაიხდის თუ არა ”იმედის” სავარაუდო ახალი მფლობელი ჯოზეფ ქეი. ”რეზონანსთან” ინტერვიუში ბიძინა ბარათაშვილმა განაცხადა, რომ ამ თემაზე ის ესაუბრა ჯოზეფ ქეის, რომელიც თანახმაა ტელეკომპანიის ფინასური პრობლემები მოაგვაროს.
ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში გასვლა 2 აპრილს საღამოს იყო დაგეგმილი. 1 აპრილს ტელეეკრანზე უკვე გამოჩნდა ტელევიზიის ლოგოც. 2 აპრილს მაუწყებლობის განახლების შემთხვევაში, ტელეკომპანია მხოლოდ გასართობი პროგრამებით გავიდოდა.
ბიძინა ბარათაშვილის განმარტებით, თუ მაუწყებლობის აღდგენა 7 აპრილს მოხერხდება, სრული პროგრამებით და საინფორმაციო გამოშვევებით ტელეკომპანია 14 აპრილიდან გავა ეთერში.