ახალი ამბები

მაჟორიტარული სისტემა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის კვლავ დავის საგანია

მაშინ როცა მაჟორიტარული სისტემის შეცვლის საკითხი შეუთანხმებელი რჩება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პროცესში, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები გამოდიან ინიციატივით შენარჩუნდეს არსებული სისტემა და 75-ვე რაიონს თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს ახალ საკანონმდებლო ორგანოში.


მაჟორიტარულ სისტემაზე შეუთანხმებლობა გახდა პარლამენტში 26 თებერვალს იმ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის გადადების მიზეზი, რომელიც არსებული მაჟორიტარული სისტემის რეგიონალური პროპორციული სისტემით შეცვლას ითვალისწინებს.


საქართველოს კონსტიტუციის თანახმად მომავალ პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციული და 50 – მაჟორიტარული წესით უნდა აირჩეს. ამჟამინდელი კანონმდებლობით, მაჟორიტარი დეპუტატები აირჩევიან მოგებულს ყველაფერი რჩება პრინციპით, რის შეცვლასაც ოპოზიცია ნოემბრის აქციების შემდეგ ითხოვს. ეს მოთხოვნა ასახულია 12 ოპოზიციური პარტიის 29 იანვრის მემორანდუმში. 


ხელისუფლებამ საპასუხო მემორანდუმში, რომელიც 14 თებერვალს გამოქვეყნდა, განაცხადა: ”პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა შეიცვლება რეგიონული პროპორციული სისტემით ეუთოს ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად. ამ მიზნით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უკვე ინიცირებულია და შესაბამისი ცვლილებები კონსენსუსის შემთხვევაში განხორციელდება მარტის ბოლომდე”.


რეგიონული პროპორციული სიები გულისხმობს რეგიონებში პარტიული სიებისათვის ხმის მიცემას, სადაც რეგიონისთვის განკუთვნილი მანდატები მიღებული ხმების მიხედვით პროპორციულად გადანაწილდება. ეს საკითხი იყო ის ერთ-ერთი პირველი ოპოზიციის მოთხოვნებს შორის, რაზეც მხარეებმა განაცხადეს, რომ პრინციპებზე შეთანხმება მიღწეულია.


თუმცა 19 თებერვალს მაჟორიტარმა დეპუტატებმა დააყენეს მოთხოვნა, რომ ყველა რაიონს თავისი პირდაპირი წესით არჩეული დეპუტატი ჰყავდეს პარლამენტში. ამ წინადადების გასატანად კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა იქნება საჭირო, რადგან მოქმედი ნორმით, მომავალ პარლამენტში 50 მაჟორიტარი უნდა იყოს და არა 75. აღნიშნული ინიციატივის მხარდასაჭერად  27 თებერვალს მაჟორიტარმა დეპუტატებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.


ოპოზიციურმა ძალებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ მაჟორიტარები ხელისუფლების სურვილს ახმოვანებენ, რადგან მათი მტკიცებით, ხელისუფლების მიზანია რაც შეიძლება მეტი დეპუტატი შეიყვანოს რეგიონებიდან პარლამენტში და პარტიული რეგიონული სიები ამ მიზნის მიღწევის შანსებს ამცირებს.


”მაჟორიტარ დეპუტატებს საკუთარი თავის არჩევის გარდა არცერთი სხვა ინიციატივა არ დაუყენებიათ ამ 4 წლის მანძილზე,”- აცხადებს დეპუტატი კახა კუკავა კონსერვატიული პარტიიდან, ”მარტო ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ უარი ვთქვათ მოქმედ მაჟორიტარულ სისტემაზე”.


პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ გაუკვირდა ზოგიერთ ოპოზიციონერს მაჟორიტარების ინიციატივა.


”რა თქმა უნდა, ისინი [მაჟორიტარი დეპუტატები] გააქტიურდნენ მაშინ, როდესაც აქტიურად დაიწყო ამ თემაზე საუბარი,”- განაცხადა ბურჯანაძემ 27 თებერვალს. ”ჩვენ არ გვაქვს უფლება იგნორირება გავუკეთოთ რომელიმე კონკრეტული ჯგუფის, მითუმეტეს მაჟორიტარი დეპუტატების მოსაზრებებს”.


მან უარყო რაიმე შეთანხმების არსებობა რეგიონალური პროპორციულ სიებთან დაკავშირებით და განაცხადა,  რომ მაჟორიტარების ინიციატივა,  სხვა მოდელებთან ერთად განიხილება ოპოზიციასთან დიალოგში, ”რასაც დრო და კონსულტაციები ჭირდება”.   


თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ  მათთვის გაუგებარია რა ვარიანტს უჭერს მხარს ხელისუფლება.


”რეგიონალურ პროპორციულ სიაზე ხელისუფლებასთან გაიმართა ბევრი დიალოგი და პრინციპში, იყო შეჯერებული ვარიანტი და ვფიქრობდით, რომ ეს თემა იყო შეჯერებული და მოგვარებული. მაგრამ თუ სხვა ვარიანტზე იქნება მსჯელობა, ისიც შეჯერდება. მთავარია, რომ გვითხრან რა უნდათ,”- აცხადებს დეპუტატი მამუკა კაციტაძე ახალი მემარჯვენეებიდან.

Back to top button