ახალი ამბები

სააკაშვილი საზღვრის ერთობლივ კონტროლზე, სეპარატისტებზე და ნატოზე საუბრობს

პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლა ქართველ ვეტერანებთან შეხვედრაზე, 26 თებერვალი, 2008 წელი

”იცით, რომ ბოლო რამდენიმე თვე ჩვენ ვემზადებოდით იმისათვის, რომ რაღაც პროვოკაციები შეიძლება დაკავშირებულიყო კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას და აღიარებას.


მერწმუნეთ, ერთადერთი მიზეზი, როს გამოც ძალიან ნათლად გაცხადდა, რომ არ მოხდება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ლაპარაკიც კი ამ დამოუკიდებლობაზე, არის ის, რომ საქართველოს დგას ფეხზე დღეს.


აბა საქართველოში კარვები იყოს გაშლილი და არეული იყოს სახელმწიფო ფუნქციონირება, აბა დღეს საქართველოში სამოქალაქო ომის სიტუაცია იყოს, აბა დღეს საქართველოში ქაოსი და შეტაკებები იყოს და 1991 წლის მდგომარეობა განმეორდეს, ორ წუთში მოხდებოდა ამ ტერიტორიების  ჩამოშორების ოფიციალური გაფორმება.


ჩვენ მოვახერხეთ  ამის თავიდან აცილება იმის ხარჯზე, რომ საქართველომ ჩაატარა არჩევნები, საქართველოში განვითარდა დემოკრატიული პროცესი, საქართველოში არის სიმშვიდე, სტაბილურობა და რაც მთავარია, საქართველო არის ძლიერი და შეუძლია ყველა სიტუაციაში ადეკვატური პასუხის გაცემა. ჩვენ ვლაპარაკობთ უკვე სხვანაირად ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებთანაც კი რეგიონში. 


კოკოითი ბოლო სამი წლის განმავლობაში ამას იძახის: აი ახლა, შემდეგ კვირაში ცნობენ ჩვენ დამოუკიდებლობას. კოსოვო რომ მოახლოვდა, ბაღაფში ალაპარაკდა ამაზე და თქვა, რომ მე მაქვს ზუსტი ინფორმაცია აბსოლუტურად, რომ უახლოეს კვირეებში ცნობენ ჩვენ დამოუკიდებლობას. არის ახლა ეს ხალხი ცარიელ-ტარიელი. დარჩნენ მშრალზე: ბაღაფშიც, კოკოითიც და სხვა სეპარატისტებიც.


ვერ გაბედა ვერავინ, ვერ გაბედეს მათმა მფარველმა ძალებმა ამ საკითხის დაძვრაც კი. და ეს არის საქართველოს დიდი საგარეო და საშინაო პოლიტიკური გამარჯვება.


მეორე საკითხი. მე ახლა ვიყავი მოსკოვში და მანამდე გვქონდა მოლაპარაკება, თქვენ იცით, რუსეთის მთავრობასთან და რუსეთის მთავრობამ მოგვცა თანხმობა როკის გვირაბის და ფსოუს ერთობლივი გაკონტროლების სასაზღვრო და საბაჟო პუნქტების.


ჩვენ არ ვიცით ბოლომდე ტექნიკური დეტალები როგორ უნდა განხორციელდეს ეს, მაგრამ ესეც არის უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი და გარღვევა.


რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან საუბრის დროს მათ გამოხატეს სურვილი, რომ საბოლოოდ მოვახდინოთ საზღვრის დელიმიტაცია და ე.ი. საზღვრის საბოლოო ლეგალიზება საქართველო-რუსეთის საზღვრის  მონაკვეთებზე – ფსოუზე და როკზე.


და მე გუშინ ვნახე გაწბილებული სეპარატისტები. [სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი მიხეილ] მინძაევი, რომელიც არის რუსეთიდან შემოგზავნილი ბანდიტი – სხვა არაფერი არ ქვია ამ კაცს, რომელიც იქით შეუბრუნდა რუსებს და უთხრა: თუ რუსეთი როკზე დააყენებს ქართველებს, მაშინ ის შეებრძოლება რუსეთსაც და საქართველოსაც. ახია მის გამომგზავნებზე ასეთი რიტორიკა.


გამახსენდა [შამილ] ბასაევი, რომელიც გამოაგზავნეს თავის დროზე და მერე ბასაევი შეუბრუნდა რუსებს. აღარ არის ბასაევი, დღეს არის მინძაევი.


ნუთუ ყველამ ჩვენ ვერ უნდა ვისწავლოთ ჩვენივე შეცდომებზე და ჩვენივე წარსულის პრობლემებზე.


ძალიან უკმაყოფილო დაბრუნდნენ სეპარატისტების წარმომადგენლები ჟენევის [18-19 თებერვალს გაეროს ეგიდით გამართული ქართულ-აფხაზური შეხვედრა] მოლაპარაკებებიდან იმიტომ, რომ განსხვავებით ბევრი სხვა მოლაპარაკებებისგან, საქართველოს დელეგაციამ გაიტანა ყველა მისი პოზიცია. პირველ რიგში დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით, მათ საკუთრებასთან დაკავშირებით და ის პრეტენზიები და კბენები, რომელიც ადრე იყო კოდორის, ე.ი. ზემო აფხაზეთთან დაკავშირებით, განმუხურის ბანაკთან დაკავშირებით და ყველა სხვა გაუგებრობა, დარჩა წარსულში. ეს არის შემდეგი ასევე წინ გადადგმული ნაბიჯი.


თქვენ ასევე იცით, ჩვენ აფხაზეთში ზუსტად  დავადგინეთ მთელი ჩვენი ქონების ნუსხა, გაიცემა სერტიფიკატები და ჩვენ უკვე ახლა, ამ ახალ ეტაპზე მას შემდეგ, რაც შევთანხმდით იმაზე, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ცნობა არ უნდა მოხდეს, მას შემდეგ, რაც შევთანხმდით იმაზე, რომ საზღვრები ერთობლივად უნდა გაკონტროლდეს, ჩვენ უნდა ასევე შევთანხმდეთ იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციამ და ეს საკითხი ჩვენ დავსვით მოსკოვში, შეასრულოს თავისი ვალდებულებები დსთ-ს 1996 წლის სანქციებთან დაკავშირებით.


იცით, რომ 1996 წლიდან მოქმედებს ფორმალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სანქციები  აფხაზეთის მიმართ. ბევრი ეს სანქცია ეფექტურად ვერ ხორციელდება და ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვეთ და ვითხოვთ რუსეთის ხელმძღვანელობისგან სრული მოცულობით, სრული მასშტაბით განახორციელოს ეს სანქციები აფხაზეთში ეთნიკური წმენდის ჩამტარებლების მიმართ.


დღეს საქართველოს აქვს შანსი და მდგომარეობა, რომ სხვანაირი ხმით და სხვანაირი ტონით ილაპარაკოს, მეგობრულად, მაგრამ თავის თავში დარწმუნებულმა ილაპარაკოს ჩვენ პარტნიორებთან.


თქვენ იცით, რომ ჩვენ ასევე მივადექით ძალიან ისტორიულ, მნიშვნელოვან ზღვარს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ის რაც 2-3 წლის წინ მეც კი მეჩვენებოდა მიუღწეველ უტოპიად, დღეს არის სრულიად რეალური ცხოვრების შემდგომი ეტაპის დასაწყისის გამოჩენა. ამის მომსწრეები ვართ ყველა.


მე მოვახერხე და ჩვენ ყველამ ერთად, რომ ჩემი პრეზიდენტობის პირველ ვადაში ძირითადი რუსული ბაზები გაყვანილი იქნა საქართველოდან და ეს არის ჩვენი და რუსეთის შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი და მე ვაფასებ, რომ გუდაუთის ბაზის გარდა, რუსეთმა ყველა სხვა ბაზასთან მიმართებაში, ეს შეთანხმება განუხრელად შეასრულა. ეს ნამდვილად არის ის კარგი დასაწყისი, რაზეც უნდა ავაშენოთ შემდეგ უკეთესი ურთიერთობები.


2008 წლის 5 აპრილს ბუქარესტში იმართება ნატოს სამიტი, სადაც ერთ-ერთ საკითხად, როგორც ჩანს განიხილება, უკრაინისათვის და საქართველოსათვის ნატოს წევრობის კანდიდატის ოფიციალური სტატუსის მინიჭება.


ეს არის ძალიან ისტორიული, მნიშვნელოვანი ზღვარი ჩვენი ქვეყნისთვის. უახლოეს დღეებში, უფრო სწორად 7 მარტს ბრიუსელში იმართება ნატოს მინისტრთა საბჭო, სადაც წინასწარი  გადაწყვეტილებები ამასთან დაკავშირებით იქნება მიღებული.


მე ვიცი, რომ საქართველოს გარეთაც და შიგნითაც, სამწუხაროდ, არიან ძალები, რომლებიც ზოგი ღიად და ზოგიც ფარულად ყველანაირად უშლის ამას ხელს.  დადიან უცხოეთში, ყვებიან, რომ ეს არის დაუშვებელი, მიუღებელი, რომ საქართველო არ არის ჯერ კიდევ იმ დომეზე, რომ ეს მიიღოს და ა.შ.


მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა ხალხმა ნათლად დაადასტურა რეფერენდუმზე მისი ნება და ეს ნება არის შეუქცევადი.


რა არის ნატოს წევრობა? რისთვის არის ეს საჭირო? ეს არის საჭირო იმისათვის, რომ საქართველო ამ ძალიან რთულ რეგიონში, რისკით აღსავსე რეგიონში, სტრატეგიულად იყოს დაცული და იყოს ამ დაცვის, ამ რეგიონის გამაგრების, ამ ალიანსის, კაცობრიობაში ყველაზე ძლიერი ალიანსის სრულფასოვანი, სრულუფლებიანი წევრი, თავისი წვლილი შეიტანოს და თავისი წილი უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს.   


ნატოს წევრობის კანდიდატობიდან ნატოს წევრობამდე კიდევ რაღაც პერიოდი უნდა გავიდეს რა თქმა უნდა, მაგრამ კანდიდატობის მიღება, ეს არის პრაქტიკულად შეუქცევადობა ამ პროცესის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა ჩვენგანისთვის.


ამავე დროს თქვენ ადევნებთ თვალყურს  როგორ ვითარდება ჩვენი შეიარაღებული ძალები და მე ვფიქრობ, თქვენ ყველამ კარგად იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი რამ საამაყო. ძალიან ხშირად გვითქვამს, რომ ნეტავი მაშინ, როცა საქართველოს ესხმოდნენ თავს, ნეტავი მაშინ, როცა ასობით ათას ჩვენ მოქალაქეს სახლიდან ასახლებდნენ და ხოცავდნენ, ამის მეათედი გვქონოდა, რაც დღეს საქართველოს გააჩნია.


ჩვენ ამას სკურპულოზურად ვაშენებთ ბოლო 4 წელია. და ჩემთვის მძიმეა,  მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა ფულის დახარჯვა ამ მიმართულებით.  საჭიროა საავადმყოფოების, სკოლების, პენსიების, იგივე სოციალური დახმარებით, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს მომავლის წინაშე არის ასევე ის, რომ   საქართველო იყოს დაცული. იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ შეიარაღებულ ძალებში, ხმები არ მოაქვს, მაგრამ მას მოაქვს საქართველოსთვის ის სტრატეგიული სიმტკიცის მარაგი, რომელიც ჩვენ გამოგვადგება ასწლეულები.


ის დღე, როცა მე ვიზრუნებ მხოლოდ არჩევნებზე და ხმებზე, ის არის დაკარგული დღე ჩვენთვის და საქართველოსთვის. იმიტომ, რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, თუ რას ვუტოვებთ ჩვენ მომავალ თაობას. ეს არის განსხვავება ჩემი ხელისუფლების და ყველა სხვა ოპორტუნისტულ პოლიტიკურ დაჯგუფებას შორის. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა დღევანდელი და მრავალი მომავალი თაობის წინაშე და ამ პასუხისმგებლობას არაფერზე არ გავცვლით, არც იმ წუთში პოპულარულ გადაწყვეტილებებზე, არც მომავალი არჩევნების ტაქტიკურ მოსაზრებებზე, არც ვინ რა შეიძლება დაწერონ ამაზე რომელიმე უცხოეთის ქვეყანაში”.



 

Back to top button