ახალი ამბები

პარლამენტში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები განახლდა

საკანონმდებლო ორგანოში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პარალელურ რეჟიმში სამუშაო ჯგუფების ორი შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც, შესაბამისად, განიხილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებისა და საკონსტიტუციო ცვლილებების თემები.


ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან სამეურვეო საბჭოს კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავენ ლევან გაჩეჩილაძე, გიორგი ხაინდრავა, დეპუტატები გია თორთლაძემ პარტიიდან მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე და მრეწველთა ფრაქციის ლიდერი ზურაბ ტყემალაძე. შეხვედრას ასევე ესწრებიან დეპუტატები გიგა ბოკერია და ირინა ქურდაძე მმართველი პარტიიდან.


მოლაპარაკებების დაწყებამდე, რომელიც გუშინ პარლამენტში გვიან საღამოს გამართული შეხვედრის გაგრძელებაა, პოლიტიკოსებმა კონკრეტული კომენტარებისაგან თავი შეიკავეს.


თუმცა ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ მმართველი პარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის 9-წევრიან საბჭოში მხარს უჭერს შემდეგ კანდიდატურებს:  კახა კანდელაკს (“ისთერნ პრომოუშენის” მარკეტინგის დირექტორი);  გიორგი ჭანტურიას (“ქართული ანიმაციური სტუდიების” დირექტორი, რეჟისორი); მიხეილ ჭიაურელს (კინოსტუდია ”ქართული ფილმი” და ტელეფილმების დამდგმელი რეჟისორი; საქართველოს საპარტიარქოს ტელევიზია ”ივერია”, რეჟისორი);  ბაკურ  სულაკაურს (გამომცემელი); პაატა ვეშაპიძეს (გაზეთ ”24 საათის” რედაქტორი).


არაოფიციალური ინფორმაციით, ოპოზიციის ფავორიტები არიან შემდეგი კანდიდატები: ირმა სოხაძე (ევრაზიის ტელევიზიისა და რადიო აკადემიის ნამდვილი წევრი, მომღერალი); ერეკლე ტრიპოლსკი (სტუდია “მარაო-” ს დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი); ირაკლი დოკვაძე (ინჟინერი); ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია (რეჟისორი, ”ქართული აკადემიის” წევრი).


კანდიდატურებზე შეთანხმების შემთხვევაში, პარლამენტს სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველთა 235-კაციანი სიიდან დღესვე წარედგინება 27 კანდიდატურა, საიდანაც პარლამენტი 9 წევრს აირჩევს სამეურვეო საბჭოში.


ჯერ-ჯერობით უცნობია იმ კანდიდატის ვინაობა, რომელიც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს. მმართველი პარტია და ოპოზიცია აცხადებს, რომ ისინი შეთანხმდნენ პრინციპზე, რომ ყველა კანდიდატურა საზოგადოებისათვის მისაღები და პატივსაცემი ფიგურა უნდა იყოს.


პარლამენტში პარალელურად მიმდინარეობს ასევე შეხვედრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელზეც კენჭისყრა წინა კვირას გადაიდო იმ მოტივით, რომ ოპოზიციის მხრიდან სხდომების ბოიკოტირების პირობებში მმართველ პარტიას კანონპროექტების მისაღებად სჭირო ხმების რაოდენობა არ ჰქონდა.


პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა წინა კვირას, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას განაცხადა, რომ ოპოზიციასთან შეთანხმების შემთხვევაში, კენჭი ეყრება მხოლოდ 7%-იანი ბარიერის 5%-მდე შემცირებას; მაჟორიტარული სისტემის რეგიონული პროპორციული სიებით ჩანაცვლებას და საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე დანიშვნის გადაწყვეტილებას.


თუმცა ამ საკითხებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებები ასევე ითვალისწინებს: პარლამენტის უფლებამოსილების ვადის 4-დან 5-წლამდე გაზრდას; პრეზიდენტის მიერ მთავრობისა ან პარლამენტის დათხოვნის საკითხებს; გუბერნატორის სტატუსის კონსტიტუციით განსაზღვრასა; და მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერისა და რამდენიმე ვიცე-პრემიერის ინსტიტუტის შემოღებას.


ზემოთ ჩამოთვლილ საკითხების მიღებას ოპოზიცია ეწინააღმდეგება, თუმცა საბოლოო შეთანხმების შესახებ მას შემდეგ, გახდება ცნობილი, რაც დასრულდება ამჟამად მიმდინარე კონსულტაციები  მმართველი პარტიიდან დეპუტატ პავლე კუბლაშვილსა და ოპოზიციიდან დეპუტატ კახა კუკავას, რესპუბლიკური პარტიის ლიდერს დავით უსუფაშვილსა და ეროვნული ფორუმის წარმომადგენელს ირაკლი მელაშვილს შორის.

Back to top button