ახალი ამბები

გაჩეჩილაძის საარჩევნო კამპანიაზე 721 ათასი ლარი დაიხარჯა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ოპოზიციური კოალიციის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად, მათი საპრეზიდენტო კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო კამპანიაზე 721 190 ლარი დაიხარჯა. 


22 პიროვნების მიერ გაწეული შემოწირულობის შედეგად სულ ოპოზიციურმა კოალიციამ 736 200 ლარი შეაგროვა. მათ შორის იყვნენ კოალიციის წევრები  (გიორგი ხაინდრავა, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი – 30 000 ლარი; თინა ხიდაშელი რესპუბლიკური პარტიიდან – 30 000 ლარი; ნათია ლაზაშვილი, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ყოფილი წამყვანი და ოქრუაშვილის პარტიის ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” წევრი – 30 000 ლარი; ვალერი გელაშვილი – ბიზნესმენი და რეპუბლიკური პარტიის წევრი, ყოფილი დეპუტატი – 20 000 ლარი).


თავად ლევან გაჩეჩილაძემ, რომელმაც არჩევნებზე ხმების 25.7% მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა მიხეილ სააკაშვილის შემდეგ, 93 200 ლარის შემოწირულობა გაიღო იურიდიული პირის ”ლევან გაჩეჩილაძის საზოგადოება” საშუალებით. კანონის თანახმად, საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ კერძო პირისგან მიღებული თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს, ხოლო კომპანიისგან და სხვა იურიდიული პირისგან – 100 000 ლარს.


ხარჯთაღრიცხვის თანახმად, 300 071 ლარი დაიხარჯა საარჩევნო შტაბის თანამშრომელთა ხელფასებზე; 292 536 ლარი პოლიტიკურ რეკლამებზე, ამაში შედის რეკლამის დამზადების ხარჯებიც; 35 750 ლარი დაიხარჯა სააგიტაციო მასალის დაბეჭდვაზე.


მიხეილ სააკაშვილის შტაბის მიერ წარმოდგენილი ფინანსური დოკუმენტაციის თანახმად, სააკაშვილის კამპანიაზე 23 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის საარჩევნო კამპანიაზე მხოლოდ 35 ათასი ლარი. 


ბადრი პატარკაციშვილის შტაბის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, გარდაცვლილმა ბიზნესმენმა საკუთარი სახსრებიდან 400 000 ლარი დახარჯა საარჩევნო კამპანიაზე. 


ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის საარჩევნო კამპანიაზე 149 896 ლარი დაიხარჯა. 


მომავლის პარტიის ლიდერის გიორგი მაისაშვილის საარჩევნო კამპანიაზე 3 243 ლარი, ხოლო პარტია იმედის ლიდერის ირინა სარიშვილის კამპანიაზე მხოლოდ 348 ლარი დაიხარჯა.


არჩევნებისთვის მოზიდული თანხების შემოწმების მიზნით ცესკო-ში შეიქმნა ხუთკაციანი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან აკადემიკოსები (რომან ხარბედია და დიმიტრი ჯაფარიძე), დამკვირვებლები (კოკი იონათამიშვილი ორგანიზაცია ახალი თაობა-ახალი ინიციატივიდან და გიორგი ჩხეიძე  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან) და ერთი კერძო აუდიტი (ზურაბ ხარატიშვილი). ჯგუფი საკუთარ დასკვნებს მარტის პირველ ნახევარში წარმოადგენს.


   

მსგავსი/Related

Back to top button