
ფინანსური პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
19 თებერვალს პარლამენტმა პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა საქართველოს ფინანსური სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ კანონპროექტთა პაკეტს იმ პირობით, რომ მეორე მოსმენისას გათვალისწინებული იქნება გამოთქმული შენიშვნების უმრავლესობა.
ძირითადი უთანხმოება დეპუტატებსა და მთავრობას შორის წარმოშვა ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტმა, რომელიც ინფლაციის 12%-იანი ზღვარის გადაჭარბების შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან ავტომატურად გადადგომას ითვალისწინებს.
მთავრობამ გაიზიარა პარლამენტის შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პოსტს მხოლოდ პროფიციტული ბიუჯეტის პირობებში დატოვებს, რაც პარალელურ რეჟიმში მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე მთავრობის პასუხისმგებლობის ამაღლებასაც გულისხმობს.
დეპუტატები უმრავლესობიდან პრეტენზიას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ეროვნული ბანკის როლი კნინდება, რადგან მისი ძირითადი ფუნქციები ნაწილდება მისივე ფარგლებში შექმნილ სამ ფაქტიურად დამოუკიდებელ ორგანოზე: ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოზე, რომელიც ხდება საფინანსო საქმიანობის და კომერციული ბანკების ერთადერთი მაკონტროლებელი; მონეტარული პოლიტიკის კომიტეტზე, რომელიც პასუხისმგებელია ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შემუშავებაზე; და ფინანსური მონიტორინგის სამსახურზე – ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოზე.
პარლამენტარები აცხადებენ, რომ მათ ”გაუმართლებლად” მიაჩნიათ ეროვნული ბანკის ძირითადი ფუნქციების ამგვარი დანაწევრება, რადგან პარლამენტის წინაშე ეროვნული ბანკის საბჭოა პასუხისმგებელი და არა ცალკეული სააგენტოებისა თუ სამსახურების საბჭოები. ამასთან, ჯერ-ჯერობით არ არის გაზიარებული დეპუტატების მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ეროვნულ ბანკთან არსებული ორგანოების საქმიანობა დაექვემდებაროს კონტროლის პალატის შემოწმებას.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ეროვნული ბანკის, საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის და მონეტარული კომიტეტის მმართველ საბჭოებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შეყვანის შესაძლებლობას, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან დეპუტატები, რადგან საქართველოს კანონმდებლობით, საჯარო სამსახურში საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირთა მუშაობა დაუშვებელია. პარლამენტის ეს პოზიცია მთავრობამ პირველი მოსმენისთვის არ გაიზიარა.
”მეორე მოსმენის დროს მუხლობრივად გაწერილი უნდა იყოს ის მთავარი პრინციპები, რომლებიც ერთის მხრივ ეროვნული ბანკის ფოკუსირებას მოახდენს ინფლაციასთან ბრძოლაზე, მაგრამ იმავდროულად ეროვნული ბანკი დარჩება ის გარანტი, რომელიც ჩვენი კონსტიტუციით უნდა იყოს მთავარი ბანკი ქვეყნისა,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ კენჭისყრის წინ.
მისი თქმით, პარლამენტის ”პრინციპული პოზიციის” დამსახურებაა ის, რომ ეროვნული ბანკი, როგორც ინსტიტუტი, არ ”დასუსტდება” და არ იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებელი, პარლამენტთან ანგარიშვალდებულების გამო.
თუმცა დამოუკიდებელი დეპუტატი ვლადიმერ პაპავა აცხადებს, რომ თუ პარლამენტმა მიიღო ეს კანონი, ”საქართველო უარს იტყვის დამოუკიდებელი ეროვნული ბანკის არსებობაზე, რაც ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს”.
”ეს კანონპროექტი მართლაც რევოლუციურია, ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით,”- აცხადებს პაპავა.
გარდა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებისა, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოიცავს დამატებით 24 კანონპროექტს.
ამ პაკეტის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებს საერთაშორისო საფინანსო ცენტრის რეჟიმი, საიდანაც 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 10-12 მლრდ აშშ დოლარის ფინანსური აქტივების დაგროვებაა ნავარაუდევი.
კანონპროექტთა პაკეტი მოიცავს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესაქმნელად საგადასახადო და საბაჟო რეგულაციების კიდევ უფრო გამარტივებას.
გარდა ამისა, დაგეგმილია მომდევნო 5 წლის განმავლობაში დღეს არსებული 25%-იანი საშემოსავლო გადასახადის 15%-მდე ეტაპობრივი შემცირება.
იმავდროულად, ცვლილებებით დგინდება ბიუჯეტის სავალდებულო პროფიციტი, რომლის მოცულობაც მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. კანონპროექტი ავტორები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული გამოიწვევს ინფლაციის შემცირებას და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას.
საბიუჯეტო პროფიციტისა და საპრივატიზაციო შემოსავლების ხარჯზე იგეგმება ორი ფონდის – ”მომავალი თაობების ფონდის” და ”სტაბილური განვითარების ფონდის” – შექმნა, რომლებიც კანონპროექტში მოხსენიებულია, როგორც ”ბიუჯეტგარეშე” ფონდები. ამის მიუხედავად, ეს ფონდები კონტროლის პალატის შემოწმებას დაექვემდებარებიან.
”მომავალი თაობების ფონდის” მიზანია, რომ საქართველო ფინანსურად მზად იყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების სწრაფი ეკონომიკური რეაბილიტაცია-რეინტეგრაციისათვის. მთავრობა ვარაუდობს, რომ 5 წლის განმავლობაში ფონდში 3 მლრდ ლარამდე დაგროვდება.
ანალოგიური წყაროებით შეივსება ”სტაბილური განვითარების ფონდიც”, რომელშიც 5 წლის განმავლობაში 2 მლრდ ლარამდე თანხის აკუმულირება იგეგმება. ფონდი გამოყენებული იქნება პერიოდულ წარმოქმნილ ეკონომიკურ გამოწვევებზე რეაგირებისათვის.
ცვლილებათა პაკეტი ასევე ითვალისწინებს ბიზნესის დაწყების კიდევ უფრო გამარტივებას და საფონდო ბაზრის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას (შესაძლებელი იქნება რამდენიმე ბირჟის არსებობა).