ახალი ამბები

სამხედრო ექსპერტი დაღესტნის ახალი გზის წინააღმდეგ გამოდის

რუსეთის ინიციატივამ დაღესტნისა და კახეთის რეგიონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის თაობაზე შესაძლოა რისკის ქვეშ დააყენოს საქართველოს უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში, განაცხადა სამხედრო ექსპერტმა ირაკლი ალადაშვილმა გაზეთ ”კვირის პალიტრაში” 18 თებერვალს დაბეჭდილ სტატიაში.


რუსეთის პრეზიდენტმა ინიციატივა მუშაკის უღელტეხილზე გადასასვლელი გზის მშენებლობის თაობაზე თებერვლის დასაწყისში დაღესტანში ვიზიტის დროს გაახმოვანა. ”ეს გზა ცუმადინის რაიონზე [დაღესტანში] გადის, რომელიც საქართველოს ესაზღვრება,” – განაცხადა პუტინმა. ”ეს იქნება საქართველოსკენ მიმავალი კიდევ ერთი დერეფანი”.


რუსეთს საქართველოსთან სამი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი აკავშირებს. თუმცა, ორი მათგანი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონებშია განთავსებული, ხოლო მესამე ყაზბეგის რაიონში 2006 წლიდან დახურულია მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ეკონომიკური ემბარგო დაუწესა.


”ამიტომაც ძალაუნებურად გვღრღნის ეჭვის ჭია – კრემლს მუშაკის უღელტეხილზე სამანქანო გზის აღდგენა სურს არა ეკონომიკური, არამედ სამხედრო-პოლიტიკური ინტერესების გამო, დაახლოებით ისევე, როგორც იყენებს ფსოუს ხიდსა და როკის გვირაბს,”  – ნათქვამია, სტატიაში, ”თუ რა პრობლემები შეუქმნა საბჭოთა პერიოდში გაჭრილმა როკის გვირაბმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სახეზეა, იმავე შეცდომების გამეორება კი დანაშაული იქნებოდა”.


როკის გვირაბი სამხრეთ ოსეთს ჩრდილოეთ ოსეთთან აკავშირებს. ოფიციალური თბილისი დიდი ხანია მოითხოვს გვირაბზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას, რადგანაც მიაჩნია, რომ ეს არის თვითგამოცხადებულ რეგიონში იარაღისა და კონტრაბანდული საქონლის შემოტანის მთავარი მარშრუტი.


”კვირის პალიტრა” მიანიშნებს, რომ ახალი გზა დაღესტანს კახეთის რეგიონის იმ სოფლებს დაუკავშირებს, რომლებიც ძირითადად ლეკებითაა დასახლებული. ამ ეთნიკური წარმომავლობის ხალხი დაღესტანშიც ცხოვრობს.


 

Back to top button