რეაქციები პატარკაციშვილის გარდაცვალებაზე
ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გარემოებებს ბრიტანეთის პოლიციის განსაკუთრებული დანაშაულის განყოფილება იძიებს. ამ ფონზე პოლიტიკოსების უმეტესობა თავს იკავებს ბიზნესმენის გარდაცვალების მიზეზებზე საუბრისაგან, თუმცა ზოგიერთმა უკვე საქართველოს ხელისუფლებაზე მიანიშნა.
”მე მას რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე და ჯანმრთელობის პრობლემებზე არაფერი უთქვამს,”- განაცხადა შალვა შავგულიძემ, პატარკაციშვილის ადვოკატმა, ”მე ამ დღეებში მასთან გამგზავრებას ვაპირებდი”.
გიორგი თარგამაძემ, ტელეკომპანია ”იმედის” პოლიტიკური პროგრამების ყოფილმა ხელმძღვანელმა და ახლად დაარსებული ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ ის ერთი თვის წინ ესაუბრა ტელეფონით ბადრი პატარკაციშვილს და მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არ დაუჩივლია. ”ჩვენი ბოლო საუბრის დროს მან მითხრა, რომ სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა და ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ ჰქონდა. უფრო მეტიც, არანაირი პრობლემა არ ჰქონდა გულზე,”- განაცხადა თარგამაძემ. მისი თქმით, ნაადრევია პატარკაციშვილის გარდაცვალების ვერსიებზე საუბარი.
”ჯერ-ჯერობით შეუძლებელია რამის თქმა გარდაცვალების მიზეზებზე. ეჭვი არ მეპარება, რომ ბრიტანული პოლიცია ობიექტურ დასკვნას დადებს,”- განაცხადა დეპუტატმა გოჩა ჯოჯუამ, პატარკაციშვილის პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელმა, რომელმაც ბიზნესმენი ლონდონში გასული თვის ბოლოს მოინახულა. მან იქვე დასძინა, რომ პატარკაციშვილი ცილისწამების მსხვერპლი გახდა, იგულისხმა რა საქართველოს ხელისუფლების ბრალდებები ბიზნესმენის მიერ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობებთან დაკავშირებით.
”მე როგორც ვიცი, ის გულის შეტევით გარდაიცვალა, დანარჩენს ექსპერტიზა იტყვის,”- განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ, ”საქართველომ დაკარგა ნამდვილი პატრიოტი”.
”იმის თქმა, რომ ეს იყო მკვლელობა, ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან საქმე არ არის გამოძიებული. ჯერ გამოძიება უნდა ჩატარდეს და გამოცხადდეს გარდაცვალების მიზეზები,”- განაცხადა ადვოკატმა ეკა ბესელიამ მოძრაობა ერთიანი საქართველოდან, რომელიც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა დააფუძნა.
”ძალიან ძნელია ახლა ვარაუდებზე საუბარი, როცა პოლიციის ოფიციალური დასკვნა არ არსებობს,”- განაცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატიული პარტიიდან.
პოლიტიკოსების ნაწილი მომხდარში ხალისუფლების დადანაშაულებას შეეცადა. ”ეს არის პოლიტიკური მკვლელობა, რომელიც ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ,”- განაცხადა ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა ნესტან კირთაძემ.
”მთელი საქართველოს მსგავსად მეც დარწმუნებული ვარ, რომ ის მოკლეს. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკურ ოპონენტებს კლავენ,”- განაცხადა ოპოზიციური კოალიციიდან სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს გზის ლიდერმა, ”ძალიან ბევრი ეჭვი არის და ბევრ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, არ მჯერა პოლიტიკაში ასეთი დამთხვევების”.
ექსპერტმა გია ხუხაშვილმა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებს, განაცხადა, რომ ჯერ საკმაოდ ადრეა შეფასებების გაკეთება. ”მოდით დაველოდოთ ბრიტანული პოლიციის დასკვნებს,”- განაცხადა ხუხაშვილმა, ”თუმცა თუ დადასტურდება, რომ ეს მკვლელობა იყო, შეუძლებელი იქნება დაუყოვნებლივ იმის მტკიცება, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული იყო, რადგან აქ შეიძლება ყოფილიყო ბიზნეს-ინტერესებიც”. თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც პატარკაციშვილის საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებდა, ”რა თქმა უნდა, მორალურად პასუხისმგებელია”.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ასევე გააკეთა კომენტარი მომხდართან დაკავშირებით და პატარკაციშვილი მოიხსენია, როგორც ”დიდი პიროვნება, რომლის სახელი დარჩება საქართველოს ისტორიაში”.
მმართველი პარტიის უმეტესობამ პატარკაციშვილის გარდაცვალებაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ”მე არ მინდა ამ საკითხზე სპეკულაცია. ნათქვამია: გარდაცვლილზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერი,”- განუცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს.
იმავდროულად, პატარკაციშვილის პოლიტიკური პარტიის ჩვენი საქართველოს ბედი გაურკვეველი რჩება. ”ჩვენ მომავალ კვირას ვგეგმავდით ლონდონში ვიზიტს ამ საკითხის განსახილველად,”- განაცხადა გოჩა ჯოჯუამ.
ასევე გაურკვეველია ტელეკომპანია ”იმედის” ბედიც, რომელიც დროებით არ მაუწყებლობდა და პატარკაციშვილის საკუთრება იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)