
ხელისუფლების მზადყოფნა თანამშრომლობაზე არის ძალიან სერიოზული – ბურჯანაძე
საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ახლად არჩეული პარლამენტის მიერ მინისტრთა კაბინეტისათვის ნდობის გამოცხადებას ითვალისწინებს, ინიცირებული იქნება ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 11 თებერვალს ბიუროს სხდომაზე.
ოპოზიციის მემორანდუმის 17 მოთხოვნიდან ერთ-ერთია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის თანახმადაც ახლად არჩეულ პარლამენტს წარედგინება მთავრობის ახალი შემადგენლობა დასამტკიცებლად.
”ჩვენ ვიწყებთ კონსტიტუციური ცვლილებების ინიცირებას, რომელიც ასევე ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგის დროს იყო შეთანხმებული,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, ”ჩვენ ვიწყებთ ცალმხრივად ამ საკითხების განხილვას და ვისაც სურს ამ საკითხებზე დიალოგში მონაწილეობა, დიალოგი ნამდვილად რეალურია და ხელისუფლების მზადყოფნა თანამშრომლობაზე არის ძალიან სერიოზული, რასაც ის ნაბიჯებიც მეტყველებს, რაც ჩვენ უკვე გადავდგით”.
მან ასევე გააფრთხილა, რომ ახალი მოთხოვნების და ვადების წამოყენება, ”ეს მხოლოდ გაართულებს პროცესს”. ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციამ 11 თებერვალს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ გააგრძელებს მმართველ პარტიასთან დიალოგს, სანამ კონკრეტული შედეგები არ დაიდება ხელისუფლების მხრიდან.
კონკრეტულ შედეგებში ოპოზიცია გულისხმობს სამ მოთხოვნას, რომელიც მემორანდუმის ნაწილია და არ მოითხოვს დროში გაწერილ საკანონმდებლო ცვლილებებს. ეს მოთხოვნებია: ”პოლიტიკური ნიშნით”, ძირითადად 7 ნოემბრის მოვლენების დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლება; საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თამარ კინწურაშვილისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის თანამდებობებიდან გადაყენება.