
ოპოზიციის მიდგომა ხელისუფლებასთან დიალოგზე არ შეცვლილა
ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციამ 11 თებერვალს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ გააგრძელებს მმართველ პარტიასთან დიალოგს, სანამ კონკრეტული შედეგები არ დაიდება ხელისუფლების მხრიდან.
”მიღწეული იყო შეთანხმება იმ ადამიანების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ვინც პოლიტიკური ტერორის მსხვერპლნი გახდნენ; იყო შეთანხმება მიღწეული ქალბატონი კინწურაშვილის [საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის] სახლში წაბრძანების შესახებ და ბატონი თარხნიშვილის [ცესკო-ს თავმჯდომარე] სახლში წაბრძანების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაპირება და ეს შეთანხმება იყო, არცერთი ეს მოთხოვნა არ არის შესრულებული,”- განაცხადა გოგა ხაინდრავამ ოპოზიციური კოალიციის სახელით დღეს პარლამენტის შენობის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ”იმ პირობებში, როცა ჩვენი მხრიდან გადადგმული ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი არის გამოყენებული მხოლოდ PR-თვის და დროის გაწელვისთვის, ჩვენ მსგავს მოლაპარაკებებში მონაწილეობის არანაირ აზრს ვერ ვხედავთ”.
”ანუ ხვალ ჩვენ არ დავესწრებით იმ შეხვედრას [პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან] , რომლის აზრსაც ვერ ვხედავთ იმის გამო, რომ რაზეც შევთანხმდით ის არ არის შესრულებული,”- განაცხადა ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა.
”[დიალოგის გაგრძელება] დამოკიდებულია ხელისუფლების ქმედებაზე,”- განაცხადა დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან დავით ზურაბიშვილმა, ”თუ მათგან იქნება რეალური ნაბიჯები გადმოდგმული იმისთვის, რომ ეს მოთხოვნები რაზედაც უკვე დიდი ხანია შეთანხმება არსებობდა, რეალურად დაიძრას მკვდარი წერტილიდან, მაშინ შეიძლება რაღაცაზე ლაპარაკი”.