ახალი ამბები

ეროვნული ბანკის რეფორმა წინააღმდეგობას იწვევს

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა ეროვნული ბანკის რეფორმირების თაობაზე ამ ინსტიტუტის სტატუსის დაკნინების მცდელობაა, რაც დაუშვებელია, განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ვლადიმერ პაპავამ.


”რევოლუციურად” წოდებული საკანონმდებლო პაკეტი , რომელსაც პარლამენტი იხილავს, სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს წინადადებას ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის გაზრდაზე მონეტარული პოლიტიკის გატარების თვალსაზრისით. ცვლილებების თანახმად, თუ წლიური ინფლაცია 12%-ს გადააჭარბებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

ვლადიმერ პაპავამ 7 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ ინფლაციის დონე მხოლოდ ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე არ არის დამოკიდებული და მთავრობა ასევეა პასუხისმგებელი ამ საკითხზე.


”ამიტომ, თუ მთავრობას, ამ ცვლილებების თანახმად, შეუძლია დააყენოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი ორნიშნა ინფლაციის შემთხვევაში,  თავის მხრივ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელსაც უნდა ჰქონდეს უფლება დააყენოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი,”- განაცხადა დეპუტატმა პაპავამ, რომელიც იმავდროულად საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარია.


მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მთავრობამ ამ საკითხის განსახილველად მისთვის სასარგებლო დრო შეარჩია, რადგან ოპოზიცია მთლიანად გადართულია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ეროვნული ბანკი ჯერ კიდევ პრეზიდენტის გარეშეა დარჩენილი. ”მე ვამბობ იმას, რომ არ უნდა ვიჩქაროთ, მოდით დაველოდოთ ახალი პარლამენტის არჩევას და ამ ახალმა პარლამენტმა გადაწყვიტოს ეს საკითხი,”- დასძინა პაპავამ.


ახალი ეკონომიკური ინიციატივების ერთ-ერთმა თანაავტორმა კახა ბენდუქიძემ, ეკონომიკური რეფორმების საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და მთავრობის კანცელარიის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა უარყო ოპონენტების არგუმენტები და განაცხადა, რომ ეროვნულ ბანკს საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში ყველა საჭირო ბერკეტი ექნება ხელთ ინფლაციის დონის გასაკონტროლებლად.

Back to top button