ახალი ამბები

მთავრობის ხუთწლიანი პროგრამა

ქვემოთ მოცემულია 2008-2012 წლებისთვის საქართველოს მთავრობის პროგრამის ძირითადი პუნქტები, რომელიც მთავრობის საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებს განსაზღვრავს და რომელიც პარლამენტმა 31 იანვრის რიგგარეშე სხდომაზე, ახალ მთავრობასთან ერთად დაამტკიცა.
 
ეროვნული უსაფრთხოება


• საქართველო გაწევრიანდება NATO-ში – მომდევნო 5 წლის მანძილზე ქვეყანა წარმატებით დაასრულებს ნატოში გაწევრიანების ყველა ეტაპს, დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს;
• ტერიტორიული და სამოქალაქო რეინტეგრაცია;
• ევროკავშირთან ურთიერთობებში უფრო ფართოდ გავრცელდება “ოთხი თავისუფლების პრინციპი” – უზრუნველყოფილი იქნება საქონლის, კაპიტალისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება. ადამიანების თავისუფალი გადაადგილების ხარისხი გაიზრდება საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისათვის, უპირველეს ყოვლისა, სტუდენტების, მეწარმეებისა და მეცნიერებისათვის.
• რუსეთის ფედერაციასთან მიიღწევა ურთიერთობების ნორმალიზება – თანამშრომლობა დაეფუძნება ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს. ეკონომიკური ურთიერთობები განვითარდება ტექნიკური შეზღუდვებისა და ბარიერების გარეშე.


ეკონომიკური, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა


• მომდევნო 5 წლის განმავლობაში შენარჩუნდება ბოლო წლების ეკონომიკური კურსი და დინამიკა.
• მომდევნო 5 წლის განმავლობაში ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 8%-ით გაიზრდება.
• შემცირდება სახელმწიფოს წილი ეკონომიკაში – ბიუჯეტის  ხარჯების წილი მშპ-სთან მიმართებაში 29%-დან 22%-მდე შემცირდება.
• ინფლაცია სტაბილურად ერთნიშნა დონეზე შენარჩუნდება – პროფიციტული ბიუჯეტისა და პროგრამის საწყის ეტაპზე გატარებული მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, 5 წლის განმავლობაში ინფლაცია საშუალოდ 7%-ს შეადგენს.
• ინვესტიციები ყოველწლიურად მშპ-ს 10%-ზე მეტი იქნება და ჯამურად 10 მლრდ. დოლარს მიაღწევს.
• პროფიციტი მშპ-ს მინიმუმ 0,5% ტოლი იქნება.
• საშემოსავლო გადასახადი 25%-დან 15%-მდე შემცირდება.
• საქართველო გადაიქცევა საერთაშორისო საფინანსო ცენტრად დაგეგმილი ლიბერალური ფინანსური სისტემის შედეგად; განთავსებული იქნება არანაკლებ 12 მლრდ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი და შეიქმნება სულ ცოტა 10,000 ახალი სამუშაო ადგილი.
• ”მომავალი თაობების ფონდში” განთავსდება ფისკალური პროფიციტის/ნაშთების 25%-მდე, საპრივატიზაციო/კაპიტალური შემოსავლების 75%. ფონდში აკუმულირებული იქნება მინიმუმ 3 მლრდ. ლარი. ფონდის აქტივების მართვას მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები განახორციელებენ. ფონდის თანხები დაიხარჯება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული აღდგენის შემდგომი სარეაბილიტაციო საქმიანობისთვის და სხვა ეროვნული მასშტაბის გამოწვევების შემთხვევაში.
• ”სტაბილური განვითარების ფონდში” განთავსდება ფისკალური პროფიციტის/ნაშთების 30%-მდე და საპრივატიზაციო/კაპიტალური შემოსავლების 25%. ფონდში აკუმულირებული იქნება 2 მლრდ. ლარამდე.
• ექსპორტის წილი მშპ-ში მიუახლოვდება 40%-ს.
• პრივატიზების უფრო მოქნილი და ეფექტური ფორმები – სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება მცირე რაოდენობის ქონება. ეკონომიკის ყველა სექტორში არსებული კომპანიების მართვას კერძო ოპერატორები განახორციელებენ.
• გარანტირებული საკუთრების უფლება – საკონსტიტუციო, საკანონმდებლო ცვლილებებისა და სასამართლო პრაქტიკის გაუმჯობესების შედეგად გაიზრდება კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის ხარისხი.
• ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდება – საერთაშორისოდ აღიარებულ საკრედიტო კვლევებით  შეფასებები  მომდევნო ხუთ წელიწადში მინიმუმ 3 ნიშნულით გაიზრდება.


მოსახლეობის კეთილდღეობა


• ბიუჯეტის 1/3 მიმართული იქნება სოციალურ პროგრამებზე –  ეს მაჩვენებელი მომდევნო 5 წლის მანძილზე სტაბილურად შენარჩუნდება. უმისამართო, ”ბრტყელი” დახმარების პრაქტიკა შეიცვლება მიზნობრივი დახმარების პრინციპით.
• მზარდი ეკონომიკური აქტივობის შედეგად გაიზრდება დასაქმება – 10 მილიარდამდე მოცულობის უცხოური ინვესტიცია უზრუნველყოფს ახალი 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას. პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ განაცხადა, რომ 200,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა მისი მთავრობის მთავარი მიზანია მომდევნო ხუთი წლის მანძილზე;    
• საგრძნობლად შემცირდება სიღარიბე – 5-წელიწადში სოციალური პროგრამების ბენეფიციართა 50% მათი კეთილდღეობის გაუმჯობესების გამო გამოვა ბენეფიციართა სიებიდან.
• საპენსიო პაკეტი 100 დოლარს მიაღწევს;
• ფაქტობრივი მოსახლეობა 150 000-ით გაიზრდება. სამშობლოში დაბრუნებულთა რიცხვი გადააჭარბებს ემიგრირებულთა რაოდენობას.
• სახელმწიფო/სავალდებულო სადაზღვევო პოლისით მოცული იქნება 1 200 000 ადამიანი – სადაზღვევო პაკეტით ისარგებლებს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების ყველა წევრი. სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი სადაზღვევო სისტემა ასევე გავრცელდება სკოლის მასწავლებლებზე, შეიარაღებული ძალების საბრძოლო შემადგენლობასა და პოლიციაზე. 
      ყველა ხელმოკლე ოჯახის ახალშობილს  მინიმუმ 1000 ლარი გადაეცემა.


ლოგისტიკა, ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა


• სრულფასოვნად ამოქმედდება ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა – ინდუსტრიული ზონა მოიზიდავს 1,5 მლრდ ლარამდე ინვესტიციას მოიზიდავს და დაასაქმებს დაახლოებით 20 000 ადამიანს.
• დამატებით რეაბილიტირებული იქნება საგზაო ფონდის დაახლოებით 30%.
• საქართველოს ექნება მინიმუმ სამი საერთაშორისო აეროპორტი.
• ენერგორესურსების საერთო წარმოებაში ჰიდრორესურსების წილი 90%-მდე გაიზრდება. გაიზრდება ელექტროენერგიის ექსპორტი – შენარჩუნდება ელექტროენერგიის დადებითი სავაჭრო სალდო და 3-ჯერ გაიზრდება 2007 წელთან შედარებით.


სოფლის მეურნეობა და ბუნებრივი რესურსები


• მომავალი 5 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 25%-ს გაუტოლდება.
• შეიქმნება 200-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმო
• ბუნებრივი რესურსების მართვას განახორციელებს კერძო სექტორი.


განათლება, კულტურა და სპორტი


• განხორციელდება პროექტი ”ცოდნის ქალაქი”. მასში თანამედროვე, საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიან განათლებას მიიღებს 30 000-მდე სტუდენტი, ჩართული იქნება 3000-მდე მეცნიერი.
• ყველა საჯარო სკოლა იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი – წარმატებით განხორციელდება პროგრამა ”ირმის ნახტომი,” რომლის ფარგლებშიც მოხდება საშუალო სკოლების კომპიუტერებით აღჭურვა და ყველა სკოლა ჩართული იქნება გლობალურ ქსელში..
• მთელი საქართველოს მასშტაბით შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 50-მდე სპორტული კომპლექსი. სახელმწიფოს მიერ ვაუჩერული სისტემით დაფინანსდება განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული 3 000-მდე სპორტსმენი.


თავდაცვისა და სამართალდამცავი სისტემა


• საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიულ საწყისებზე სრულად გადავა.
• გაძლიერდება პოლიციის მხრიდან საკუთრებისა და სიცოცხლის უფლების დაცვის ხარისხი.  გაიზრდება საზოგადოების ნდობა პოლიციისადმი. გაუმჯობესდება კრიზისული სიტუაციების მართვის სისტემა.
 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button