იაკობაშვილი კონფლიქტური ტერიტორიებისა და ხალხის მშვიდობიან რეინტეგრაციაზე საუბრობს
თემურ იაკობაშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ კონფლიქტების მოგვარებისადმი შეიცვლება მიდგომა და იგი მიმართული იქნება, როგორც ტერიტორიების დაბრუნებისაკენ, ისე ამ რეგიონებში მცხოვრები აფხაზებისა და ოსების რეინტეგრაციისაკენ.
”ჩვენ არა მარტო ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ, არამედ ხალხი უნდა დავიბრუნოთ და ხალხიც [დევნილები] უნდა დავაბრუნოთ – ჩვენ არა მარტო აფხაზეთის ტერიტორია გვაქვს დაკარგული, ჩვენ აფხაზები გვყვანან დაკარგული,”- განუცხადა Civil.Ge-ს თემურ იაკობაშვილმა.
მისი თქმით, სამინისტრო ხელს შეუწყობს სახალხო დიპლომატიის გააქტიურებას და ჰუმანიტარული საკითხების წინ წამოწევას საერთაშორისო დონორების დახმარების მოზიდვის გზით.
გარდა ამისა, იაკობაშვილი აცხადებს, რომ მინისტრად დამტკიცების შემთხვევაში, მისი უპირველესი პრიორიტეტი იქნება ევროპის და შემდეგ აშშ-ს გააქტიურება კონფლიქტების მოწესრიგების საქმეში.
”ევროპა უნდა გახდეს სოხუმისთვის და ცხინვალისთვის გარანტი იმისა, რომ ქართულ სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციით მათ მიეცემათ ეთნიკური გადარჩენის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და განვითარების პერსპექტივების გარანტიები,”- აცხადებს იაკობაშვილი.
იგი ასევე ძირითად აქცენტს აკეთებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგის გააქტიურების მნიშვნელობაზე. მისი აზრით, პირდაპირი კონტაქტები საუკეთესო გზაა იმისა, რომ ამ რეგიონების ინტერესები იქნას გათვალისწინებული.
”მე ვფიქრობ, რომ იქნება მრავალვექტორიანი მიდგომა. ჩვენ შევეცდებით, რომ გვქონდეს პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, გვქონდეს დიალოგი რუსებთან და გვქონდეს დიალოგი საერთაშორისო თანამეგობრობასთან პარალელურ რეჟიმში,”- აცხადებს მინისტრობის კანდიდატი.
მან ასევე განაცხადა, რომ კონკრეტულ სამოქმედო გეგმებს კონფლიქტების მოგვარების კუთხით მინისტრად დამტკიცების შემდეგ წარმოადგენს და ეს მიდგომები დაფუძნებული იქნება კონსულტაციებზე, მათ შორის საექსპერტო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან.
თემურ იაკობაშვილს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც ახალი მინისტრთა კაბინეტშია წარდგენილი, დღეს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტში უსმენდნენ.
მთავრობის განახლებულ შემადგენლობას კომიტეტებსა და ფრაქციებში 4 დღის განმავლობაში განიხილავენ, 30 იანვარს კი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)