ახალი ამბები

იორში: საქართველოს არჩევნები იმედგაცრუება იყო, თუმცა არალეგიტიმურს ვერ ვუწოდებთ

5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები იყო ”იმედგაცრუება”, თუმცა შეცდომა იქნებოდა იმის თქმა, რომ ის არალეგიტიმური იყო, განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელმა მათიას იორშიმ 21 იანვარს სტრასბურგში გამართულ ზამთრის სესიაზე.


”მე და [საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სპეციალური] კომიტეტი ვიმედოვნებდით, რომ საქართველოში უკეთესი არჩევნები ჩატარდებოდა, განსაკუთრებით იმ მაჩვენებლების ფონზე, რომელიც ქვეყანამ უჩვენა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე,” – განაცხადა იორშიმ. ”ამრიგად, მრავალი თვალსაზრისით, არჩევნები იმედგაცრუება იყო, მისი ჩატარებისა და ორგანიზების კუთხით”.


მან ასევე ყურადღება გაამახვილა ”სახელმწიფო რესურსების არათანაბარ ხელმისაწვდომობაზე და დაშინების შემთხვევებზე”. ”შემიძლია ამის დამადადასტურებელი უზარმაზარი სია წარმოგიდგინოთ,” – დასძინა იორშიმ.


”ამრიგად, მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად არასწორი იქნებოდა, თუ [საქართველოს] ხელისუფლება იტყოდა არჩევნების შემდეგ: ჩვენ ფანტასტიური, ძალიან კარგი არჩევნები ჩავატარეთ და ის მეტი ვეღარ გაუმჯობესდება – ეს იქნებოდა უზარმაზარი შეცდომა,” – განაცხადა იორშიმ.


მან ასევე განაცხადა, რომ ასევე დიდი შეცდომა იქნებოდა იმის თქმა, რომ ”ეს არჩევნები არალეგიტიმური იყო და მისი შედეგის სერიოზულად აღქმა არ შეიძლება”.


”ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ვაღიაროთ მისი ლეგიტიმურობა და ჩვენ, ევროპის საბჭოში, უნდა განვაგრძოთ მუშაობა ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან, რათა ერთობლივად გავაუმჯობესოთ საქართველოში არსებული საარჩევნო გარემო, რადგანაც ქვეყანას წინ საპარლამენტო არჩევნები ელის,” – განაცხადა იორშიმ, ”დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან ერთად ჩვენ შევძლებთ ბევრად უკეთესი არჩევნების ორგანიზებას. ეს იქნება ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევა”.


მან ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესი საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის კონტექსტში უნდა იქნას განხილული.


”ნოემბერში საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდა,” – განაცხადა იორშიმ. ”და საქართველოს ხელისუფლებამ არჩია არჩევნებისკენ მოეწოდებინა ხალხისთვის. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი იყო… მიხეილ სააკაშვილმა თავისი საპრეზიდენტო ვადა თითქმის წელიწადნახევრით შეიმცირა და მიმაჩნია, რომ ეს მამაცური ნაბიჯი იყო”.


პრეზიდენტი სააკაშვილი სტრასბურგში 24 იანვარს გაემგზავრება და საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოვა სიტყვით. თუმცა, რუსეთის დელეგაცია საპარლამენტო ასამბლეაში 21 იანვარს შეეცადა დაებლოკა სააკაშვილის გამოსვლა, განაცხადა რა, რომ სააკაშვილის მოწვევა ეს იქნებოდა ერთი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა საპარლამენტო არჩევნების წინ. თუმცა, საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ რუსული დელეგაციის ეს მოსაზრება არ გაიზიარა. 


 


 

Back to top button