ახალი ამბები

რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებას ალტერნატივა არ აქვს – სააკაშვილი

პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ მან პირველი ოფიციალური შეხვედრა მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტის რანგში სწორედ რუსეთის დელეგაციასთან გამართა და განაცხადა, რომ არსებობს რუსეთთან სრულიად ახალი ურთიერთობების დაწყების შანსი. 


”ჩვენ მართლა გვგონია, რომ ჩვენ უნდა მოვსინჯოთ კიდევ ერთხელ დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობების გამოსწორება და ამას ქართველი ხალხისთვის ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს,”- განაცხადა სააკაშვილმა შეხვედრის დაწყებისას, ”არის პერიოდი ქვების სროლის და დგება მისი შეგროვების დროც. ჩვენ საკმაოდ ქვები ვისროლეთ ბოლო წლებში და ახლა დადგა დრო ჩვენ ეს ქვები შევაგროვოთ ერთობლივად და შევეცადოთ, რომ შემდეგი თაობა მადლობელი დაგვრჩეს იმაზე, რომ ყველა პრობლემა ჩვენ მოვხსნათ ამ ურთიერთობებში”.


მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თავის წინასაარჩევნო კამპანიის დროს შეგნებულად აარიდა თავი რუსეთთან ურთიერთობებზე ყურადღების გამახვილებას.


”ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს შანსი სრულიად ახალი ურთიერთობები დავიწყოთ,”- განაცხადა სააკაშვილმა.  


თავის მხრივ სერგეი ლავროვმა პრეზიდენტ პუტინის მილოცვა გადასცა სააკაშვილს მისი მეორე ვადით არჩევასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რუსეთის დელეგაციამ აუცილებლობად ჩათვალა ”სამთავრობო დონეზე” ყოფილიყო წარმოდგენილი ინაუგურაციის ცერემონიაზე. 


”ქართველი ხალხი ყოველთვის  იყო, არის და იქნება ჩვენი მეგობარი. ჩვენ გვაკავშირებს ერთობლივი ისტორიის ასწლეულები… და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ისტორია ჯერ არ დამთავრებულა,”- განაცხადა ლავროვმა, ”ჩვენთვის სულერთი საერთოდ არ არის, როგორ განვითარდება ჩვენი ურთიერთობები”.


მან შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ მიღწეულია შეთანხმება ურთიერთობების გამოსწორების მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით. თუმცა რა კონკრეტულ ნაბიჯებზეა საუბარი, მან არ დააკონკრეტა.


”რაც შეეხება ჩვენი თანამედროვე ურთიერთობების მდგომარეობას, მასში არსებობს პრობლემები, რომელიც კარგად არის ცნობილი. დეტალებში არ წავალ, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ რუსული მხარე აუცილებლად მიიჩნევს, რომ მათი მოგვარების შესახებ მზადყოფნის შესახებ განცხადებებიდან გადავიდეთ კონკრეტულ ნაბიჯებზე. დღეს მიხეილ სააკაშვილთან საუბრისას ჩვენ მოვისმინეთ, რომ ქართულ მხარესაც ზუსტად ასეთივე დამოკიდებულება აქვს. მოვილაპარაკეთ შევეცადოთ, რათა უახლოეს პერიოდში ეს კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ რეალურია,”- განაცხადა ლავროვმა.


რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თბილისში ვიზიტის დასასრულს ასევე გამართა შეხვედრა ქართველ ოპოზიციონერ ლიდერებთან. 


”მოვისმინეთ მოქმედი ხელისუფლებისა და ოპოზიციის განცხადებები ჩვენი ურთიერთობების მოწესრიგების სასარგებლოდ და ჩვენც დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა ამაზე იმ პირობით, რომ სიტყვებს უნდა მოჰყვეს კონკრეტული ნაბიჯები. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ვიმედოვნებთ, რომ მზად იქნება ასევე ქართული მხარეც,”- განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button