
მთავრობა ეუთოს შუალედურ მოხსენებას პასუხობს
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის (OSCE/ODIHR) მიერ გამოქვეყნებული შუალედური მოხსენების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა განმარტებითი ინფორმაცია იმ მიზნით, რომ გაექარწყლებინა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ წამოყენებული ბრალდებები.
18 იანვარს ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ (OSCE/ODIHR) გამოაქვეყნა შუალედური მოხსენება, სადაც გაკრიტიკებულია არჩევნების შემდგომი პროცესი, მათ შორის ხმების დათვლის ეტაპი. მოხსენებაში ასევე საუბარია განსხვავებებზე შემაჯამებელ ოქმებში და ამომრჩეველთა უჩვეულოდ მაღალ აქტივობაზე ხმის მიცემის ბოლო საათებში.
ამის საპასუხოდ, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ”მოხსენებაში არ არის ნათქვამი, რომ ორივე პრობლემა ძალიან მცირე რაოდენობის უბნებზე დაფიქსირდა”. რეალურად, სხვადასხვა ოქმებს შორის არსებული განსხვავებები მხოლოდ უბნების მთლიანი რაოდენობის 1%-ზე ნაკლებში იყო, ნათქვამია მთავრობის ინფორმაციაში.
”რაც შეეხება ბოლო სამი საათის განმავლობაში მაღალი აქტივობის საკითხს, ეს მხოლოდ 1.5%-ზე ნაკლებ უბნებში დაფიქსირდა და შესაძლოა აიხსნას ამ უბნების თავისებურებებით,” – ნათქვამია მთავრობის პასუხში. მთავრობა აცხადებს, რომ ის უბნები, სადაც მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, აღჭურვილი იყო 4 ან 5 სარეგისტრაციო მაგიდით და ხმის მიცემის კაბინებით.
მთავრობის განმარტებით, მაღალ აქტივობას ხმის მიცემის ბოლო საათებში ”მარტივი ახსნა აქვს: კანონი უფლებას აძლევს საარჩევნო უბანს განაგრძოს მუშაობა 20:00 საათის შემდეგაც, თუ უბანზე ამომრჩეველთა რიგი დგას”.
რაც შეეხება განსხვავებებს საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ ოქმებსა და საოლქო საარჩევნო კომისიის მიღებულ ოქმებს შორის, მთავრობამ განაცხადა, რომ OSCE/ODIHR მოხსენება არ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ძალიან შეზღუდული რაოდენობის შემთხვევებში დაფიქსირდა.
”ცესკო-ს წარუდგინეს მხოლოდ 27 საუბნო კომისიის ოქმი, სადაც გაცხადებული იყო, რომ შედეგები სააკაშვილის სასარგებლოდ გაყალბდა. აქედან 7 შემთხვევაში, ცესკო-მ თავად ჩაასწორა მონაცემები. დანარჩენ შემთხვევებში, მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი ოქმები ტექნიკურ დარღვევებს შეიცავდა. მოხსენებაში ასევე არაა აღნიშნული პრობლემის მასშტაბი. თუნდაც თითოეულ ამ 27 შემთხვევაში რომ ყოფილიყო მცდელობა შედეგების შეცვლისა სააკაშვილის სასარგებლოდ, მთლიანი სხვაობა იქნებოდა მხოლოდ 3 426 ხმა ანუ მთლიანი ხმების 0.17%,” – აცხადებს საქართველოს მთავრობა.
არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოს მასშტაბით 180 საუბნო კომისიაში დააკვირდა ხმების დათვლის და შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცესს. ”ხმების დათვლის 23% შეფასდა, როგორც ცუდი ან ძალიან ცუდი. დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ დათვლის პროცესის 8%-ში ისინი შემაჯამებელი ოქმების შეცვლის მოწმენი გახდნენ. 21%-ში მათ მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევები დააფიქსირეს,” – ნათქვამია ODIHR-ის მოხსენებაში.