ახალი ამბები

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა დეტალები უცნობია

ხელისუფლებასა და ოპოზიციურ კოალიციას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ამ საუბრის შესახებ მხოლოდ რამდენიმე დეტალია ცნობილი.


პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე პირველი იყო, რომელმაც გაახმოვანა ინფორმაცია მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია ოპოზიციურმა კოალიციამაც დაადასტურა.


15 იანვარს დილით ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებათა დღის წესრიგში  რვა საკითხი დგას. ბურჯანაძის თქმით, ამ საკითხებს შორისაა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა. მისი თქმით, მიღწეულია შეთანხმება, რაც საშუალებას მისცემს ოპოზიციას მონაწილეობა მიიღოს ახალი ცხრა-წევრიანი საბჭოს ჩამოყალიბებაში. თუმცა, ბურჯანაძემ არ დააკონკრეტა დანარჩენი შვიდი საკითხი, რომელსაც ოპოზიცია და ხელისუფლება განიხილავს.


რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა იმავე დღეს დაადასტურა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება და რომ ის თავადაა ჩართული ამ პროცესში. თუმცა, მან არ დააკონკრეტა ის ოპოზიციური პოლიტიკოსები, რომლებიც ასევე მონაწილეობენ ამ პროცესში. მან ასევე უარი თქვა იმ დანარჩენი საკითხების დასახელებაზე, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლებასთან განიხილავს. თუმცა, უსუფაშვილმა Civil.Ge-ს განუცხადა: ”რვაზე მეტი საკითხია”.


ერთი დღით ადრე, პრესკონფერენციაზე საუბრისას ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენლებმა კატეგორიულად უარყვეს რაიმე მოლაპარაკებების წარმოება ხელისუფლებასთან და განაცხადეს, რომ ისინი მხოლოდ ერთ საკითხს განიხილავდნენ ხელისუფლებასთან – 5 იანვრის არჩევნების ხმების ხელახლა დათვლას.


ბურჯანაძის განცხადებიდან რამდენიმე საათში ოპოზიციურმა კოალიციამ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ საპროტესტო აქცია გამართა, რომელიც ხელისუფლებასთან მოლაპარაკების თაობაზე ინფორმაციის გახმოვანებამდე, 13 იანვრის მანიფესტაციაზე დაიგეგმა.


თავიანთ გამოსვლებში რამდენიმე ათასიან აქციაზე, ოპოზიციურმა ლიდერებმა სახელმწიფო არხზე დაგეგმილ რეფორმას ”პირველი სერიოზული წარმატება” უწოდეს და პირობა დადეს, რომ კიდევ უფრო მეტ ზეწოლას მოახდენენ ხელისუფლებაზე, რათა მეტ დათმობებზე წამოიყვანონ.  გამომსვლელთა უმეტესობა ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მოთხოვნა არჩევნების მეორე ტურის გამართვაზე კვლავ ძალაში რჩება.

თუმცა, 15 იანვარს მაინც გაჩნდა ეჭვები მეორე ტურთან დაკავშირებით ოპოზიციის დამოკიდებულების შერბილებასთან დაკავშირებით. პარტია ”იმედის” ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ირინა სარიშვილმა გააფრთხილა, რომ ე.წ. ”დათმობა” საზოგადოებრივ მაუწყებლის ირგვლივ იყო ხელისუფლების პოლიტიკური ”სატყუარა”, რათა გადაეჩრდილა ოპოზიციის მოთხოვნა მეორე ტურის გამართვაზე ”ეს შემოთავაზება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით არის სატყუარა… და სამწუხაროდ არის ნიშნები იმისა, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წამოეგო ამ ანკესზე,” – განაცხადა მან 15 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.


ამასობაში, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა 15 იანვარს, რომ ის მზად არის ოპონენტები მიიწვიოს მთავრობაში, თუმცა კოალიციური მთავრობის შექმნა გამორიცხა. სახალხო დამცველთან სოზარ სუბართან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში სააკაშვილმა იმ საკითხებზე მიანიშნა, რომლებიც შესაძლოა ოპოზიციისა და ხელისუფლების განხილვის თემებია.


”ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებები და საუბრები გვაქვს ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლებთან. ჩვენ გვინდა, რომ მთელი პაკეტი საკითხების გადავწყვიტოთ და მე ვფიქრობ, რომ ეს საუბრები წავიდა საკმაოდ კონსტრუქციულად,” – განაცხადა სააკაშვილმა.


ამ კონტექსტში სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ”ყველას უნდა ჰქონდეს განცდა იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სამართლიანად, გამჭირვალედ და საერთოდ ყველა კითხვა მოიხსნება”.


”ჩვენ მზად ვართ, რომ მთლიანად ბევრ საკითხზე ჩამოვყალიბდეთ. რაც შეეხება, მაგალითად, მთლიანად დეპოლიტიზაციას სახელმწიფო სტრუქტურების, რაც შეეხება გამჭირვალობას მაგალითად, სამართალდამცავი სისტემის მართვის, რაც შეეხება ბიზნესის დამოუკიდებლობას  – საგადასახადო დავების გადაწყვეტა და ა.შ იმიტომ, რომ ეს ყველას აღელვებს როგორც სამთავრობო გუნდს, ისე ოპოზიციასაც,” – განაცხადა სააკაშვილმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ ”ინდივიდუალურად პროფესიონალები ვინც არიან, მათ შორის სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებში, გამოყენებული უნდა იქნან, როგორც იყო ჩემი შემოთავაზება, სხვადასხვა სახელისუფლებო პოზიციებზე”.


”მე ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოში არ ვლაპარაკობთ ჩვენ კოალიციურ მთავრობაზე. საქართველოში იქნება საპრეზიდენტო მთავრობა, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს ჰყავს გამარჯვებული და ჩვენ  გვექნება საპრეზიდენტო მთავრობა,” – განაცხადა მან, ”მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მთავრობა დავაკომპლექტოთ ექსკლუზიურად პარტიული ნიშნით. ჩვენ მაქსიმალურად ფართო წარმომადგენლობას გავავრცელებთ, მაქსიმალურად ფართო ადამიანთა ჯგუფებს დაველაპარაკებით, მაქსიმალურად ბევრ ექსპერტს მოვუსმენთ”.

Back to top button