ახალი ამბები

ოპოზიცია საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავს

საპროტესტო აქციის ათასობით მონაწილე 13 იანვარს მოწყობილი მანიფესტაციის შემდეგ მშვიდობიანად დაიშალა იმ პირობით, რომ გააგრძელებენ აქციებს  5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი გამარჯვებულად პირველივე ტურში გამოცხადდა.


საპროტესტო აქცია, რომელიც ვარდების მოედანზე გაიმართა, სააკაშვილის მთავარი კონკურენტის ლევან გაჩეჩილაძის მხარდამჭერი ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციის მიერ იყო ორგანიზებული.  დაშლამდე, მანიფესტანტებმა რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოაწყვეს თავისუფლების მოედნისაკენ. არჩევნების ოფიციალური შედეგებით გაჩეჩილაძის მომხრეების უკმაყოფილებას ასევე შეუერთდნენ  სხვა ოპოზიციური პარტიებიც. ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით, საპროტესტო აქცია 15 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ განახლდება.


დავით გამყრელიძემ, ახალი მემარჯვენეების ლიდერმა, რომელიც ასევე იყრიდა კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში, მომიტინგეებს განუცხადა, რომ სააკაშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტი იქნება და მეორე ტური აუცილებელია. საპროტესტო აქციას ასევე შეუერთდნენ ლეიბორისტული პარტიის წევრები, თუმცა მათი ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელიც ასევე იღებდა არჩევნებში მონაწილეობას, იქ არ გამოჩენილა. აქციას ასევე ესწრებოდა პრეზიდენტობის კიდევ ერთი პრეტენდენტი გია მაისაშვილი.


”ჩვენ მოვითხოვთ არჩევნების მეორე ტურს; ჩვენ გვინდა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას ცესკო-ს თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის წინააღმდეგ; ჩვენ გვსურს, რომ სასამართლოები ხალხის ინტერესების სამსახურში იდგნენ და ჩვენი სურვილია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუბრუნდეს ხალხს,”- განუცხადა ლევან გაჩეჩილაძემ საპროტესტო აქციის მონაწილეებს. მან ცესკო-ს ოფიციალური შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა მიხეილ სააკაშვილის შემდეგ.


გაჩეჩილაძემ ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას არ აღიაროს არჩევნების შედეგები. ”ნუ აიძულებთ ქართველ ხალხს შეგიძულონ თქვენი სააკაშვილისადმი მხარდაჭერის გამო,”- დასძინა მან.
 
დეპუტატმა გია თორთლაძემ, რომელიც კოალიციაში მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის პარტიას წარმოადგენს, საპროტესტო აქციის მონაწილეებს ლევან გაჩეჩილაძე წარუდგინა, როგორც ”საქართველოს დე ფაქტო პრეზიდენტი”.


გაჩეჩილაძემ მომხრეებს საპროტესტო აქციებზე ყოველდღიურად მისვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აქციები გაიმართება სასამართლოებთან და საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რომელსაც ოპოზიცია ადანაშაულებს, რომ არასაკმარის საეთერო დროს უთმობს მათი აქტივობების გაშუქებას. მორიგი აქცია 15 იანვარს სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ დაიგეგმა.


”სააკაშვილი ვერასოდეს ვერ შეძლებს გახდეს ამ ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტი,”- განუცხადა კახა კუკავამ კონსერვატიული პარტიიდან საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ”ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხმებს და არ მივცემთ მას პრეზიდენტად ინაუგურაციის უფლებას. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ”.


სააკაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაცია 20 ან 21 იანვარს გაიმართება.


13 იანვრის დილას გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 7 ხმით 6-ის წინააღმდეგ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების პირველივე ტურში 53.47%-ით გაიმარჯვა.


”საბოლოო შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გახდა საქართველოს პრეზიდენტი,”  – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა.


ცესკო-ს ექვსმა ოპოზიციურმა წევრმა, რომელთაც ოქმის დამტკიცების წინააღმდეგ მისცეს ხმა, განაცხადეს, რომ ამ გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მათი თქმით, ცესკო-მ არ განიხილა მათი და სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრები, რასაც შეეძლო შეეცვალა არსებული სურათი.


საბოლოო შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 5 იანვრის არჩევნებში 1 982 318 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 527 964-ს შეადგენს. 33 129 ბიულეტენი გაბათილდა.


ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი განსხვავდება ცესკო-ს მიერ ადრე გამოცხადებული მაჩვენებლისგან. ცესკო-ს პრესსპიკერმა ირაკლი ფორჩხიძემ 11 იანვარს განაცხადა, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ 1 976 208 შეადგინა.


საბოლოო შემაჯამებელი ოქმის თანახმად ხმები ასე გადანაწილდა:


მიხეილ სააკაშვილი  53.47% (1 060 042 ხმა);
ლევან გაჩეჩილაძე – 25.69% (509 234 ხმა);
ბადრი პატარკაციშვილი – 7.1% (140 826 ხმა);
შალვა ნათელაშვილი – 6.49% (128 589 ხმა);
დავით გამყრელიძე – 4.02% (79 747 ხმა);
გიორგი მაისაშვილი – 0.77% (15 249 ხმა);
ირინა სარიშვილი – 0.16% (3 242 ხმა).


იმავდროულად, ცესკო-მ განაცხადა, რომ პლებისციტის საბოლოო შედეგებს 15 იანვარს დაამტკიცებს. წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, 5 იანვრის პლებისციტში მონაწილეთა 72.5%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და 69.8%-მა საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას მისცა ხმა, ნაცვლად 2008 წლის შემოდგომისა. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს მონაცემები შეიცვალოს, აცხადებენ ცესკო-ში.



 

Back to top button