
ცესკო-მ სააკაშვილი მეორე ვადით არჩეულ პრეზიდენტად გამოაცხადა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 13 იანვარს გამართულ სხდომაზე 7 ხმით 6-ის წინააღმდეგ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების პირველივე ტურში 53.47%-ით გაიმარჯვა.
”საბოლოო შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გახდა საქართველოს პრეზიდენტი,” განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა.
ცესკო-ს ექვსმა ოპოზიციურმა წევრმა, რომელთაც წინააღმდეგ მისცეს ხმა, განაცხადეს, რომ ამ გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მათი თქმით, ცესკო-მ არ განიხილა მათი და სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრები, რასაც შეეძლო შეეცვალა არსებული სურათი. ამასობაში, ოპოზიცია დღეს თბილისში საპროტესტო აქციების დაწყებასაც გეგმავს.
საბოლოო შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 5 იანვრის არჩევნებში 1 982 318 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 527 964-ს შეადგენს. 33 129 ბიულეტენი გაბათილდა.
ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი განსხვავდება ცესკო-ს მიერ ადრე გამოცხადებული მაჩვენებლისგან. ცესკო-ს პრესსპიკერმა ირაკლი ფორჩხიძემ 11 იანვარს განაცხადა, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ 1 976 208 შეადგინა.
საბოლოო შემაჯამებელი ოქმის თანახმად ხმები ასე გადანაწილდა:
მიხეილ სააკაშვილი 53.47% (1 060 042 ხმა);
ლევან გაჩეჩილაძე – 25.69% (509 234 ხმა);
ბადრი პატარკაციშვილი – 7.1% (140 826 ხმა);
შალვა ნათელაშვილი – 6.49% (128 589 ხმა);
დავით გამყრელიძე – 4.02% (79 747 ხმა);
გიორგი მაისაშვილი – 0.77% (15 249 ხმა);
ირინა სარიშვილი – 0.16% (3 242 ხმა).
იმავდროულად, ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციის ორგანიზებით, რომელიც ლევან გაჩეჩილაძეს უჭერს მხარს, ათასობით ადამიანი შეიკრიბა დღეს თბილისში, ვარდების მოედანზე, რათა გამოხატონ პროტესტი 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ.
პრეზიდენტობის ყველა ოპოზიციური კანდიდატი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნების შედეგები, რათა სააკაშვილის გამარჯვება პირველივე ტურში უზრუნველეყო. საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნაა მეორე ტური სააკაშვილსა და გაჩეჩილაძეს შორის.