ახალი ამბები

სასამართლოებში შესული საარჩევნო დავების ზუსტი რაოდენობა უცნობია

ოპოზიციური კოალიცია აცხადებს, რომ სასამართლოებში 40-მდე სარჩელი შეიტანა, რომელიც ძირითადად სხვადასხვა უბნის შედეგების გაბათილებას ეხება.


იმავდროულად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას  სასამართლოებში შეტანილი აქვს 6 სარჩელი, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში 30 უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს. აღნიშნული საჩივრები საიას საოლქო და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიებმა არ დაუკმაყოფილეს.


საია ასევე გეგმავს სასამართლოში გაასაჩივროს ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმი, რომელიც დამატებითი სიებით მიღებულ შედეგებს ასახავს. დამატებითი სიებით 34 848 ხმა მიიღეს პრეზიდენტობის კანდიდატებმა.

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდებოდა, აცხადებს, რომ მათ 4 საჩივარი შეიტანეს სასამართლოებში 17-მდე უბნის შედეგების გაბათილების მოთხოვნით, თუმცა ორგანიზაციის თქმით, სასამართლომ არცერთი არ დააკმაყოფილა.


11 იანვარს სასამართლოს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ სულ ქვეყნის მასშტაბით 29 სხვადასხვა სახის საარჩევნო დავაა შესული სასამართლოებში, საიდანაც 6 უკვე იქნა განხილული, თუმცა 4 მათგანს არსებითი განხილვის გარეშე ეთქვა უარი პროცედურული და ვადების დარღვევის მოტივით. 


ცენტრალურ საარჩევნო კომისიის იურიდიული სამსახური ამ დროისათვის არ ფლობს ზუსტს ინფორმაციას, თუ რამდენი საჩივარია საარჩევნო ადმინისტრაციების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ შეტანილი საერთო სასამართლოებში.


ცესკო-ს თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ცესკო-ში ამჟამად შესულია საჩივრები, რომელიც  ”რამოდენიმე” უბანსა და ოლქს შეეხება.


”პრინციპში, ყველა მათგანი რომც დაკმაყოფილდეს, რაც ჩვენთან არის შემოსული, ეს მნიშვნელოვნად სურათს არ შეცვლის,”- განუცხადა ლევან თარხნიშვილმა ჟურნალისტებს.


ცესკო-ს ვებ გვერდზე გამოქვეყნებული წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, რომელიც 3 439 უბნის შედეგებს ეყრდნობა, მიხეილ სააკაშვილი ხმათა 53.41%-ით ლიდერობს, მის მთავარ კონკურენტს ლევან გაჩეჩილაძეს კი – 25.67% აქვს. ცესკო აცხადებს, რომ ამ შედეგების უცვლელობის პირობებში მიხეილ სააკაშვილი პირველ ტურში გამოცხადდება პრეზიდენტად არჩეული.


”დღესდღეიდობით რასაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს სურათი, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან ახალი საჩივრების შემოტანა, რომლის ვადა ჯერ კიდევ არსებობს,”- აცხადებს თარხნიშვილი.


საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკომ არჩევნების ოფიციალური შედეგების დამტკიცება 13 იანვარს არ უნდა გადააცილოს.


კოდექსის 64 მუხლის 11 პუნქტი ასევე ამბობს: ”აკრძალულია ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება საერთო სასამართლოებში არსებული შესაბამისი საარჩევნო დავების დასრულებამდე და ამ სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სრულად გათვალისწინების გარეშე”.


თუმცა საარჩევნო კანონის 77 მუხლის მე-4 პუნქტში ასევე არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც: ”სასამართლოში სარჩელის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას”.


”კანონის ეს ორი მუხლი აშკარა წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან,”- განაცხადა საია-ს ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ, ”თუმცა ჩვენ არჩევნების შედეგების შეჯამებისას მაინც დავაყენებთ საკითხს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოცხადებამდე ცესკომ შემაჯამებელი ოქმის მიღებისაგან თავი შეიკავოს”.

Back to top button