
ოპოზიცია არჩევნების შეჯამების პროცესში დარღვევებზე საუბრობს
ოპოზიციის განცხადებით, მთელი რიგი შეუსაბამობები გამოვლინდა ცალკეული უბნების შემაჯამებელ ოქმებსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გამოქვეყნებულ ციფრებს შორის.
თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან, რომელიც ოპოზიციურ კოალიციაში შედის, განაცხადა, რომ არის შემთხვევები, როდესაც ოქმის დედანში არსებული მონაცემები საოლქო საარჩევნო კომისიებში შეცვლილია მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ.
ხიდაშელმა 7 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა ბათუმის 73-ე უბნის ოქმის დედანი, რომლის თანახმადაც ლევან გაჩეჩილაძემ 205 ხმა მიიღო, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა 115 ხმა. ”თუმცა, მას შემდეგ რაც ამ ოქმმა შუალედურ საარჩევნო ადმინისტრაციაში, ანუ საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიარა, ეს ციფრები შეიცვალა. ახალი მონაცემებით, გაჩეჩილაძეს 119 ხმა აქვს, მიხეილ სააკაშვილს კი – 550. აჭარაში ბევრი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა”.
საქართველოს მასტაბით 76 საოლქო საარჩევნო კომისია მოქმედებს, თითოეული ხუთი წევრის შემადგენლობით, რომლებიც, კანონის თანახმად, უპარტიოები უნდა იყვნენ. საუბნო საარჩევნო კომისიისგან და ცესკო-სგან განსხვავებით, ოპოზიციურ პარტიებს საოლქო კომისიებში წარმომადგენლები არ ჰყავთ.
ცესკო-ს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა უარყო ეს ბრალდებები და მათ ”სასაცილო” უწოდა. მისი თქმით, ცესკო თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებდა არა მარტო ციფრებს, არამედ თითოეული უბნის შემაჯამებელი ოქმის სკანირებულ ფაილებს. ”და ამ ოქმებზე საუბნო კომისიის ყველა წევრის ხელმოწერაა,” – განაცხადა მან.
საუბნო კომისიებში ხმების დათვლის შემდეგ, კომისიის წევრები შემაჯამებელ ოქმს ხმათა უმრავლესობით ამტკიცებენ. ოქმს ცამეტივე წევრი აწერს ხელს და თუ რომელიმე მათგანი არ ეთანხმება, მან ამის თაობაზე საგანგებო ჩანაწერი უნდა გააკეთოს ოქმში. თუმცა, ხიდაშელმა განაცხადა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში ქვედა დონის კომისიის წევრთა ხელმოწერებიც კი გააყალბეს.
მან ასევე აღნიშნა, რომ რეგიონებში ბევრ საუბნო კომისიაში, ოპოზიციური წევრები ადგილობრივმა პოლიციამ დააშინა და აიძულა ისინი არ აეღოთ ოქმის ასლები. კანონის თანახმად, არა მხოლოდ კანდიდატების ან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, არამედ დამკვირვებლებსაც აქვთ უფლება მოითხოვონ შემაჯამებელი ოქმების ასლები.
”ჩვენმა წარმომადგენლებმა იბრძოლეს, რომ მოეპოვებინათ ეს ოქმები,” – განაცხადა ხიდაშელმა, ”ბევრ შემთხვევაში ჩვენმა წარმომადგენლებმა შეძლეს ამ ოქმების აღება, თუმცა ბევრი საარჩევნო უბნიდან, განსაკუთრებით ქვემო ქართლის რეგიონში, მათ ამის გაკეთება ზეწოლის გამო ვერ მოახერხეს. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს ოქმები, რომელთა საშუალებითაც შევძლებდით ამ უბნებში არჩევნების გაყალბების დამტკიცებას. იგივე მოხდა ახალქალაქში, ნინოწმინდაში და ჯავახეთის რეგიონის ბევრ სხვა უბანზე”.
მან ჟურნალისტებს წარუდგინა 180 ბიულეტენი, სადაც 5 ნომერი – მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო ნომერი – იყო შემოხაზული. ხიდაშელმა განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა სენაკის ერთ-ერთ უბანზე მოახერხეს ამ ”ყალბი ბიულეტენების” ხელში ჩაგდება. მისი თქმით, ეს ”ყალბი ბიულეტენები” საარჩევნო ყუთში ჩასაგდებად იყო გამზადებული.
ხიდაშელმა ასევე აღნიშნა, რომ ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში განთავსებულ ზოგიერთ უბანში ამომრჩეველთა აქტივობა ”წარმოუდგენლად მაღალი”, რადგან 90%-ს აჭარბებდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი 100%-ის კი იყო. ამ უბნებში, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ხმების 90%-ზე მეტი მიიღო. მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას თავისი წარმომადგენლები ჰყავდა ყველა უბანზე, ბევრ მათგანს, განსაკუთრებით ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, მოუხდა დარღვევებზე თვალის დახუჭვა ზეწოლის გამო.
ხიდაშელმა ასევე განაცხადა, რომ ეჭვს იწვევს ის ფაქტიც, რომ ბათილი ბიულეტენების რაოდენობა შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ძალიან დაბალი იყო.
”შედარების თვალსაზრისით, მხოლოდ მთაწმინდაზე – რომელიც თბილისის ყველაზე პატარა ოლქია – 432 ბიულეტენი გაბათილდა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სწორად არ იყო შევსებული ამომრჩევლის მიერ,” – განაცხადა მან. ”აბსოლუტურად განსხვავებული სურათია ნინოწმინდის უბნებში, სადაც მხოლოდ ერთი ან მაქსიმუმ ორი ბიულეტენი გაბათილდა; ეს ნიშნავს, რომ ამომრჩევლები იქ თითქმის 100%-იანი სიზუსტით მოქმედებდნენ. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ყალბი, წინასწარ შემოხაზული ბიულეტენები იქნა გამოყენებული … ამ გაყალბებას კურირებდა [შსს მინისტრი] ვანო მერაბიშვილი, რომელიც ამ რეგიონიდანაა წარმოშობით”.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციური კოალიცია არ აცხადებს, რომ მისმა კანდიდატმა მოიგო არჩევნები ქვემო ქართლის ან სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. ”სულაც არა; ჩვენ ამას არ ვამბობთ. ერთადერთი, რასაც ვამბობთ ის არის, რომ სააკაშვილმა ხმები მოგვპარა და ჩვენ ამას არ შევეგუებით,” – განაცხადა ხიდაშელმა.
მისი თქმით, ოპოზიცია აპირებს დარღვევის ყველა შემთხვევა სასამართლოში გააპროტესტოს. საარჩევნო კანონის თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ აქვს უფლება შეაჯამოს არჩევნების შედეგები სასამართლო დავების მოგვარებამდე.
”ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ თითოეული ხმისთვის. ჩვენ რეაგირებას მოვახდენთ დარღვევის თითოეულ და ყველა შეთხვევაზე და არ დავუშვებთ, რომ სააკაშვილმა და ცესკო-მ გააყალბონ ქართველი ხალხის ხმები,” – განაცხადა მან.
ცესკო-ს შედეგების თანახმად, მიხეილ სააკაშვილი ლიდერობს და მეორე ტურის საჭიროება აღარ იქნება, თუმცა თითოეული ხმა შესაძლოა გადამწყვეტი გახდეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების პირობებში. ამჟამად, ოპოზიციის მთავარი მიზანია 5 იანვრიდან ორი კვირის თავზე არჩევნების მეორე ტურის მიღწევა.
თუმცა, ცესკო-ს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა 6 იანვარს განაცხადა, რომ მეორე ტურის ჩატარების თითქმის არანაირი შანსი არ არსებობს. მისი თქმით, სააკაშვილი 52%-ზე მეტ ხმას მიიღებს.
მისი განმარტებით, ეს მაჩვენებელი ეფუძნება საქართველოს მასშტაბით თითოეული უბნიდან მიღებულ ინფორმაციას. ამ ინფორმაციის ნაწილი ეყრდნობოდა უბნების მიერ ცესკოში გაგზავნილ ოფიციალურ შემაჯამებელ ოქმებს, თუმცა თარხნიშვილის განმარტებით, მონაცემების ნაწილი მათ საუბნო კომისიების წევრებმა ზეპირსიტყვიერად მიაწოდეს – ყოველგვარი ოფიციალურ შემაჯამებელი ოქმების გარეშე.
თუმცა, საარჩევნო კოდექსის 64 მუხლის 31 პუნქტში ნათქვამია: ”საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს ეკრძალებათ არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ განცხადების გაკეთება, თუ ეს შედეგები სათანადო წესით არ არის გამოქვეყნებული ინტერნეტში”.