ახალი ამბები

’გადამწყვეტი’ საპრეზიდენტო არჩევნები და ჩრდილში მოქცეული პლებისციტი

საქართველო 5 იანვარს დაგეგმილი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინ საკმაოდ აქტიური და ყველაზე კონკურენტუნარიანი საარჩევნო კამპანიის მომსწრე გახდა.


ყველაზე აღსანიშნავი იყო პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის კამპანია ინტენსიური სატელევიზიო რეკლამებით, ბილბორდებით და ხშირი გასვლებით რეგიონებში. მედია მონიტორინგის შედეგების თანახმად, მისი კამპანია ყველაზე ინტენსიურად გაშუქდა მედიის მიერ. იგი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომლის წინასაახალწლო გზავნილი პირდაპირ ეთერში გადასცეს ქართულმა ტელევიზიებმა. თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩეველთა გულების მოსაგებად სააკაშვილმა ყურადღება სოციალურ საკითხებზე გაამახვილა, ხოლო მისი სატელევიზიო რეკლამები წარმოაჩენდნენ მას, როგორც პიროვნებას, რომელსაც მუდმივი და უშუალო კონტაქტი აქვს რიგით მოქალაქეებთან.


მისი კონკურენტები ოპოზიციიდან თავიანთი კამპანიების ფარგლებში ძირითადად იმ შეცდომებზე და არაპოპულარულ ნაბიჯებზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რომელთაც სააკაშვილის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ჰქონდა ადგილი.


ოპოზიციური პოლიტიკოსების უმრავლესობა აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია. ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ ისიც კი განაცხადა, რომ პირველ ტურში საკუთარი წარუმატებლობის შემთხვევაში, იგი მხარს დაუჭერს ნებისმიერ ოპოზიციურ კანდიდატს სააკაშვილის წინააღმდეგ. თუმცა, სააკაშვილი შტაბის დაკვეთით განხორციელებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, სააკაშვილის მხარდამჭერები დარწმუნებულები არიან, რომ ყოფილი პრეზიდენტი გამარჯვებას პირველივე ტურში მოიპოვებს. ოპოზიციამ უნდობლობა გამოუცხადა სააკაშვილის საარჩევნო შტაბის დაკვეთით განხორციელებულ კვლევებს. იმავდროულად, არც ერთი ოპოზიციური კანდიდატის საარჩევნო შტაბს არ წარმოუდგენია საკუთარი კვლევის შედეგები.   


ამასობაში, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ყველა ოპოზიციურმა კანდიდატმა განაცხადა, რომ საარჩევნო კამპანია არასამართლიანი იყო და არსებობს ყველა ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლება შეეცდება არჩევნების გაყალბებას – ამ განცხადებას ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა 4 იანვარს განაცხადა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველმხრივ მზადაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.


ცესკო-მ ასევე განაცხადა, რომ 5 იანვრის არჩევნებს 3 000-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება. ეუთოს დამკვირვებელთა მისია წინასწარ დასკვნებს 6 იანვარს გამოაქვეყნებს.  


ორი სადამკვირვებლო ორგანიზაცია – სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და ახალი თაობა – ახალი ინიციატივა – ხმების პარალელურ დათვლას გეგმავენ. ამ პროცესის ფარგლებში შედეგები საუბნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ასახული მონაცემების შეჯამებით მიიღება.  


გარდა ხმების პარალელული დათვლისა, ასევე იგეგმება ეგზით პოლების ჩატარება, რომელსაც ტელეკომპანიების –  საზოგადოებრივი მაუწყებელი,  ”რუსთავი2”, ”მზე” და აჭარის ტელევიზია – დაკვეთით ოთხი ქართული ორგანიზაცია განახორციელებს: მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ფონდი (GFSIS).  ეგზით პოლების შედეგები 5 იანვარს საღამოს 8 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გახდება ცნობილი. თუმცა, ოპოზიციურმა კანდიდატებმა უკვე გამოუცხადეს უნდობლობა ეგზით პოლებს.


საპრეზიდენტო არჩევნებმა გადაჩრდილა პლებისციტი, რომელიც არჩევნების პარალელურად ორ საკითხზე იმართება – ერთი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღს ეხება, მეორე კი ნატოში გაწევრიანებას.


საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარება, 2008 წლის შემოდგომის ნაცვლად, ოპოზიციური კოალიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს. თუმცა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ეს საკითხი თითქმის დავიწყებას მიეცა.


მოქალაქეებს ასევე მოუწევთ პასუხი გასცენ პლებისციტზე გამოტანილ მეორე შეკითხვასაც: ”უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო)?” შვიდიდან ექვსმა პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ ნატოში გაწევრიანებას. ირინა სარიშვილი ერთადერთი კანდიდატია, რომელიც ნეიტრალურ საქართველოს უჭერს მხარს.

მსგავსი/Related

Back to top button