
ოპოზიციური შტაბები ძალადობის ფაქტებზე საუბრობენ
ოპოზიციური კოალიციის, ლეიბორისტების და ახალი მემარჯვენეების პრეზიდენტობის კანდიდატების ლევან გაჩეჩილაძის, შალვა ნათელაშვილისა და დავით გამყრელიძის საარჩევნო შტაბები მათი რეგიონალური წარმომადგენლობების წინააღმდეგ თავდასხმებზე საუბრობენ.
ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, პარტიის ზესტაფონის ოფისთან გვიან ღამით ხელყუმბარა აფეთქდა.
ოპოზიციური კოალიციის ბათუმის ოფისის წარმომადგენელთა განცხადებით, მათ აქტივისტებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, როცა ისინი თავიანთი კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის სარეკლამო პლაკატებს აკრავდნენ ქუჩაში.
ახალი მემარჯვენეები აცხადებენ, რომ მათი სამტრედიის რეგიონალური ოფისი გამთენიისას დაარბიეს. კერძოდ, უცნობმა პირებმა ოფისს ქვები დაუშინეს, რის შედეგადაც დამსხვრეულია ფანჯრები და დაზიანებულია საოფისე ავეჯი.
ჯერ-ჯერობით ოფიციალურ პირებს ამ ცნობებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.