ახალი ამბები

ოპოზიციური კოალიციის კანდიდატის 200-დღიანი სამოქმედო გეგმა

ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში განსახორციელებელი 200-დღიანი სამოქმედო გეგმის ძირითადი პრიორიტეტების პრეზენტაცია დღეს საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გამართა.


”მთელი საქართველოს წინაშე მე, ლევან გაჩეჩილაძე პირობას ვდებ, რომ საქართველოში ძალიან მალე დასრულდება ძალადობა და უსამართლობა, ვერავინ ვეღარ შეეხება კერძო საკუთრებას, ვერავინ ვეღარ დააშინებს ბიზნესს, აღარასოდეს იქნება პოლიტიკური პოლიცია და აღარასოდეს გაყალბდება არჩევნები. ვდებ პირობას, რომ ვეღარ ამოუკერავენ პირს თავისუფალ მედიას, არავის ექნება უფლება შეურაცხყოფა მიაყენოს საზოგადოებას… მომეცით უფლება, რომ ჩემი პირობა შევასრულო… მე ვიქნები ხელისუფალი, რომელიც იქნება ხალხისგან დაქირავებული და ანგარიშვალდებული მხოლოდ ხალხის წინაშე,” – განაცხადა 3 იანვარს ლევან გაჩეჩილაძემ


23 პუნქტისგან შემდგარი სამოქმედო გეგმა შემდეგში მდგომარეობს:


. საქართველოს  მოქალაქეების უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებისათვის საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცება;


. საგარეო პოლიტიკური ორიენტირის  – ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების  – უზრუნველსაყოფად დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა;


. სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება: 7 ნოემბრის დემონსტრაციის და მოშიმშილეების დარბევა, დამოუკიდებელი ტელეკომპანიების მაუწყებლობის ძალადობრივი შეწყვეტის, სანდრო გირგვლიანისა და ამირან რობაქიძის მკვლელობის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და სხვა გახმაურებული ფაქტების გამოძიება და დამნაშავეების დასჯა;


. პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლება და წვრილმანი დანაშაულებისთვის გასამართლებული პირების ამნისტია;


. ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმის ეროვნული კომისიის შექმნა ხელისუფლების დანაწილების მიზნით;


. სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლება და ფუნდამენტური რეფორმის განხორციელება თავისუფალი და სამართლიანი მართლმსაჯულების უზურნველსაყოფად;


. სამართლიანი, გამჭირვალე და სახელისუფლებო ზეწოლისაგან თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება;


. სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების სრულყოფილი რეალიზება;


. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვისათვის აფხაზებთან, ოსებთან და რუსებთან მოლაპარაკებების ფართომასშტაბიანი პროცესის ინიცირება და სამშვიდობო ინიციატივების ამოქმედება;


. ლუსტრაციის კანონის ინიცირება;
 
. სახელმწიფო აპარატში ღია მმართველობის პრინციპის დანერგვა;


. აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურული რეორგანიზაცია სახელისუფლებო მონსტრების დაშლისა და ძალაუფლების დეკონცენტრაციის მიზნით. მაგალითად, პოლიციური ჟანდარმერიის კუდ-ისა [შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი] და სოდ-ის [შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი] გაუქმება. მუნიციპალური პოლიციის შექმნა;


. ელიტარულ კორუფციასთან ბრძოლის ქმედითი სახელმწიფო პროგრამის დაწყება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების თანამონაწილეობით;


. საგადასახადო არბიტრაჟის უპირობო აღდგენა;


. საარსებო მინიმუმის განსაზღვრა და პენსიისა და ყველა სოციალური პროგრამის საარსებო მინიმუმის შესაბამისად გამოანგარიშება. ყველა შეღავათისა და დახმარების აღდგენა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის;


. ბიზნესის გათავისუფლება სახელისუფლებო რეკეტისა და ხარკის გადახდისგან, ბიზნესის დემონოპოლიზაცია;


. პრივატიზაციის შეჩერება, დარღვევების გამოვლენა;


. განათლების რეფორმის გადახედვა საქართველოში დაგროვილი გამოცდილებისა და ექსპერტიზის გათვალისწინებით;


. სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების გადახდა და მოსახლეობისთვის გასტუმრების გამჭვირვალე, დროში გაწერილი გეგმის შეთავაზება;


. ქართული კულტურის, სპორტის, მეცნიერების განვითარების ფართომასშტაბიანი პროგრამის შექმნა და განხორციელება;


. დასაქმების მრავალეტაპიანი პროგრამის შემუშავება, მცირე და საშუალო ბიზნესის საქმიანობის წახალისებას;


. ნარკომანიასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შემუშავება;


. დევნილებისთვის, აფხაზეთსა და ცხინვალში დაბრუნებამდე, ღირსეული საცხოვრებელი და სოციალური პრიორიტეტების უზრუნველყოფა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button