
არჩევნების წინასწარი შედეგები 6 იანვრის 21 საათამდე გამოქვეყნდება – თარხნიშვილი
5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ხმის მიცემის დასრულებიდან 24 საათში, 6 იანვრის საღამოს 8-დან 9 საათამდე გამოქვეყნდება, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა.
”იქამდე, ფაქტიურად, ონლაინ რეჟიმში გამოცხადდება ის მონაცემები, რომლებიც შემოვა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პირველი მონაცემები [5 იანვრის] ღამის 12 საათიდან შემოვა,”- განაცხადა თარხნიშვილმა.
იმავდროულად, 2 იანვარს, კანონით გათვალისწინებულ ვადებში, ცესკომ გამოაქვეყნა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დაზუსტებული სია – 3 352 448, რაც 20 388 ამომრჩევლით ნაკლებია თავდაპირველად გამოქვეყნებულ რაოდენობაზე.
ოპოზიცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ რაოდენობას და აცხადებს, რომ სიები ხელოვნურად არის გაბერილი.
ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაში 25 998 არის სპეციალური სია, ხოლო საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი 27 210 – ს შეადგენს. ასევე გადამოწმების შედეგად ერთიანი სიიდან 28 000 გარდაცვლილი ამოიღეს.
იმავდროულად, არჩევნების დღეს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ერთიან სიებში ვერ მოხვდნენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ მიეცემათ შესაძლებლობა დამატებითი სიების მეშვეობით მისცენ ხმა.