ახალი ამბები

ოპოზიცია 6 იანვარს აქციის გამართვას გეგმავს

პოლიტიკოსებმა ცხრა პარტიისგან შემდგარი ოპოზიციური კოალიციიდან განაცხადეს, რომ კოალიცია 6 იანვარს აქციას გამართვას გეგმავს, რათა ხმების პარალელური დათვლის შედეგები გაახმოვანოს.


”აქციაზე ჩვენ ვაცნობებთ მხარდამჭერებს ჩვენი პარალელული დათვლის შედეგებს,” – განუცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატორული პარტიიდან Civil.Ge-ს 2 იანვარს, ”ხმების პარალელული დათვლის შედეგები დაეფუძნება საუბნო კომისიებში კოალიციის წარმომადგენლების მიერ მოწოდებულ მონაცემებს”.


ორი სადამკვირვებლო ორგანიზაცია – სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და ახალი თაობა – ახალი ინიციატივა – ხმების პარალელური დათვლას გეგმავენ. ამ პროცესის ფარგლებში შეიკრიბება საუბნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ასახული შედეგები.  


გარდა ხმების პარალელული დათვლისა, ასევე იგეგმება ეგზით პოლების ჩატარება, რომელსაც ტელეკომპანიების –  საზოგადოებრივი მაუწყებელი,  ”რუსთავი2”, ”მზე” და აჭარის ტელევიზია – დაკვეთით ოთხი ქართული ორგანიზაცია განახორციელებს: მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ფონდი (GFSIS).  


ოპოზიციამ წინასწარ გამოუცხადა უნდობლობა ეგზით პოლებს, რადგანაც, მათი განცხადებით, ეგზით პოლებს ხელისუფლებასთან დაახლოებული ორგანიზაციები ატარებენ.


ეგზით პოლების ჩატარებას ასევე გეგმავს უკრაინაში დაფუძნებული ორგანიზაცია ”საერთო ევროპული საქმისთვის”. დეტალური ინფორმაცია ამ ორგანიზაციის შესახებ არ არსებობს, რადგანაც მისი წარმომადგენლები უარს აცხადებენ მათი ადგილობრივი პარტნიორების ან დამკვეთების დასახელებაზე.


დეპუტატმა კახა კუკავამ ასევე განუცხადა Civil.Ge-ს, რომ მას ინფორმაცია ამ ორგანიზაციის შესახებ არ გააჩნია, თუმცა იქვე დასძინა, რომ 3 იანვარს იგი და მისი კოლეგები კოალიციიდან გეგმავენ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას. ”დღეს ჩვენ შევხვდით უკრაინელ ჟურნალისტთა ჯგუფს, რომელიც საქართველოში ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ჩამოვიდა, ხვალ კი თავად ორგანიზაციის  წარმომადგენლებს შევხვდებით,” – განაცხადა კუკავამ 2 იანვარს.    

მსგავსი/Related

Back to top button