
ცესკომ ერაყსა და კოსოვოში საუბნო კომისიების წევრები გაგზავნა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად ერაყსა და კოსოვოში საუბნო კომისიის წევრები გაგზავნა.
საარჩევნო უბნები ერაყის ორ ქალაქში – ალკუტასა და ბაღდათში გაიხსნება. ალკუტაში საუბნო კომისია ცესკო-ს მიერ დანიშნული სამი წევრისგან და 4 პარტიის – ნაციონალური მოძრაობის, ლეიბორისტების, ახალი მემარჯვენეების და თავისუფლების – თითო-თითო წარმომადგენლით დაკომპლექტდა. ანალოგიური კომპოზიცია იქნება ბაღდათშიც იმ გამონაკლისით, რომ ლეიბორისტებს კომისიაში წარმომადგენელი არ ეყოლებათ.
იმავდროულად, ერთი საარჩევნო უბანი გაიხსნება კოსოვოში, სადაც კომისია იგივე პრინციპით დაკომპლექტდება.
ამდენად, 5 იანვრის არჩევნებში ერაყსა და კოსოვოში განლაგებული 2 100 სამხედროს მიეცემა მონაწილეობის საშუალება. აღნიშნული გადაწყვეტილება ცესკო-მ დეკემბერში მას შემდეგ მიიღო, რაც სასამართლომ მოუწოდა ამ საკითხზე ადრე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებისათვის გადაეხედა. თავდაპირველად, ცესკოს ოპოზიციურმა წევრებმა ჩააგდეს გადაწყვეტილება ქართული სამშვიდობო კონტიგენტების არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, რამაც მმართველი პარტიის დაუფარავი გაღიზიანება გამოიწვია.