ახალი ამბები

ჟურნალისტი ”იმედის” მაუწყებლობის შეწყვეტის პერიპეტიებზე საუბრობს

ტელეკომპანია ”იმედის” ექვსი წამყვანი ჟურნალისტი, სანამ ტელეკომპანიის საჯაროდ დატოვებას გადაწყვეტდნენ, ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ხელმძღვანელებთან, რათა დაერწმუნებინათ მაუწყებლობის შეყვეტის აუცილებლობაში, ნათქვამია 31 დეკემბერს გაზეთ ”კვირის პალიტრაში” ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.


დაჩი გრძელიშვილმა, ერთ-ერთმა იმ ექვსი ჟურნალისტიდან, განაცხადა, რომ ”იმედის” ადმინისტრაცია იძულებული გახდა შეეწყვიტა მაუწყებლობა მას შემდეგ, რაც მათ არხიდან წასვლა გადაწყვიტეს.  
  
”როდესაც გელბახიანისა და კოდუას პირველი ჩანაწერები გახმაურდა [24 დეკემბერს], სადაც ჩვენი გადაცემის [”დროების”] წამყვანი და არხის პოლიტიკური დირექტორიც [გიორგი თარგამაძე] იყო ნახსენები, ბუნებრივია, ძალიან შევწუხდი და ჩემი ეჭვი თუ ფიქრები ჩემს კოლეგებსაც გავუზიარე. აღმოჩნდა, რომ ყველა ერთი აზრისა ვიყავით. შევხვდით გიორგის [თარგამაძეს] და ვუთხარით, რომ ამ საკმაოდ არასახარბიელო ვითარებაში ჩვენი ობიექტურობაც კი ცუდად შეიძლებოდა გამოყენებულიყო, რომ აუცილებელი იყო არხის გადასარჩენად ამ პოლიტიკურ სიბინძურესთან დისტანცირება და მკვეთრი გამიჯვნა. გიორგიმ მაშინ გვითხრა, რომ ყველანაირ პოლიტიკასა და პოლიტიკოსებს ემიჯნებოდა და ის პირადად იქნებოდა არხის საინფორმაციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი, რომლის გადანაწილება მან ჩვენც შემოგვთავაზა. მოგვიანებით, როდესაც ჩანაწერები უკვე თავად პატარკაციშვილის მონაწილეობით გავრცელდა , გიორგის იგივე მოსაზრება გავუზიარეთ… განცხადების გაკეთების წინა ღამეს ჩვენი საუბარი გიორგი თარგამაძესთან ღამის ორ საათამდე გაგრძელდა. როგორც გვითხრა, მან შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელად პატარკაციშვილს კანდიდატურის მოხსნა და აქციების გასხვისება შესთავაზა. გვითხრა ისიც, რომ პასუხს [პატარკაციშვილისგან] მეორე დღეს ელოდებოდა. პირადად ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვისაც გაურკვეველი იყო, რატომ უნდა ეთქვა ბიზნესმენს უარი კომპანიაზე, რომლის შექმნასა და ბრენდირებაზე ათეულობით მილიონი დოლარი დახარჯა, რომ არაფერი ვთქვათ სხვა რესურსებზე. გაგვიჩნდა ეჭვი, რომ 6 იანვრამდე ამ საკითხების მოგვარება ვერ მოხერხდებოდა და “იმედი” დამფუძნებლისა და ხელისუფლების ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში ჩათრეული აღმოჩნდებოდა. გიორგის მაშინვე შევთავაზეთ, საინფორმაციო სამსახურის გამოშვება შეგვეჩერებინა [5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო] არჩევნების ჩატარებამდე. მანამდე კი არხის დამფუძნებელსა და მფლობელთან ურთიერთობა გაგვერკვია. გიორგი თარგამაძის საწინააღმდეგო არგუმენტი მაშინ ის იყო, რომ საინფორმაციო სამსახურის ან არხის მაუწყებლობის გაჩერების შემთხვევაში საფრთხე შეექმნებოდა ლიცენზიას, რომ ეს დამღუპველი იქნებოდა პლურალიზმისა და დემოკრატიისთვის ქვეყანაში. ჩვენ იმ ღამესაც ბევრი ვიფიქრეთ… მეორე დილით, განცხადების გაკეთებამდე ერთი საათით ადრე, ტელეკომპანია “იმედში” კიდევ ერთხელ შევხვდით გიორგი თარგამაძეს. ვუთხარით, რომ პატარკაციშვილისგან კონკრეტულ პასუხს არჩევნების დასრულებამდე ვერ მივიღებდით და შევთავაზეთ შემოერთება. მიუხედავად იმისა, რომ გასული სამი დღის მანძილზე ამ თემაზე აქტიურად ვკამათობდით, გიორგი ამჯერად არ შეგვწინააღმდეგებია. გვითხრა, რომ ჩვენს ასეთ გადაწყვეტილებას მოელოდა და ჩვენი კარგად ესმის, არც სასაყვედურო აქვს… ჩვენი გამოსვლის შემდეგ, “იმედში” საღამოს რვა საათზე ხელმძღვანელობამ მაუწყებლობა შეაჩერა. ჩვენ მიერ განცხადების გაკეთებიდან ხუთი დღე გავიდა – ჯერ არც აქციების გადაცემაზე გადაწყვეტილა რამე და არც ოფიციალურად შეუტანია განცხადება პატარკაციშვილს ცესკოში კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. აქედან გამომდინარე, მათ, ვინც “დროების” ჯგუფის გადაწყვეტილებას ეჭვით უყურებენ, განსჯისთვის ერთ შეკითხვას დავუტოვებთ: შეჩერდებოდა თუ არა “იმედის” მაუწყებლობა და შესაბამისად, გადაურჩებოდა თუ არა “იმედი” ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს, ჩვენ რომ ეს ნაბიჯი არ გადაგვედგა?”


ამასობაში, გიორგი თარგამაძემ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ”იმედის” თანამშრომლებს და პირადად მას ორი მოთხოვნა აქვთ:პატარკაციშვილი მთლიანად უნდა ჩამოშორდეს ”იმედს” და ტელეკომპანიის აქციები დათმოს. ხოლო მეორე მოთხოვნაა იმის გარანტიების არსებობა, რომ იმედის მფლობელის შეცვლის შემთხვევაში ”იმედი” არ მოექცევა ხელისუფლების კონტროლის ქვეშ და არ გახდება ისეთივე ტელეკმპანიაა, როგორებიც არიან ”რუსთავი 2”, ”მზე” და სხვა ქართული ტელევიზიები.


მან ასევე განაცხადა, რომ თუ ეს ორი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ის და ბევრი მისი კოლეგა ტელეკომპანიას დატოვებს.


      


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button